1 კვირაში თუ არ გვიპასუხებენ, გადავალთ აქტიურ ფაზაზე, გადმოვიტანთ კარვებს „ენკას“ შესასვლელთან - გოლეთიანი

პუბლიკა

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის წევრებმა დღეს ხეობაში მანქანების კოლონით საპროტესტო მსვლელობა გამართეს. როგორც მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევენ კომპანია „ენკაზე“ და ზოგადად, პროექტის სამომავლო ბედთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის მისაღებად.

გოლეთიანი ამბობს იმასაც, რომ თუ ამ ვადაში პასუხებს ვერ მიიღებენ, ისინი პროტესტის აქტიურ ფაზაზე გადავლენ და კარვებს „ენკას” ბაზის შესასვლელთან გადაიტანენ.

„მოვითხოვთ, რომ დროულად იყოს რეაგირება და პასუხი, რა ხდება კომპანიასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ საკუთარი პოზიცია გააჟღეროს საკითხთან დაკავშირებით, რათა ჩვენ ამის შემდეგ გარკვეული სურათი გვქონდეს. ჩვენი შემდგომი მოქმედებები მხოლოდ ამის შემდგომ გამოიკვეთება, როცა ისინი პასუხს გვეტყვიან, რას აპირებენ კომპანიასთან დაკავშირებით – იწყება საარბიტრაჟო დავა თუ არბიტრაჟის გარეშე გვარდება ეს საკითხი, თავად ხელისუფლება რას ფიქრობს პროექტთან დაკავშირებით, როგორ წყვეტს ამ საკითხს. ამ ყველაფერზე ვითხოვთ დროულ პასუხს. სხვა შემთხვევაში მოგვიწევს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში აქ გადმოვინაცვლოთ კარვებით – კომპანიის შესასვლელ კართან და აღარ მივცეთ შესაძლებლობა არავის, შევიდეს და გამოვიდეს. და ეს იქნება ჩვენი ბერკეტი, პროცესზე ზემოქმედების…

დღეიდან 1 კვირის ვადაში თუ მათგან არ იქნება პასუხი, ჩვენ გადავალთ პროტესტის აქტიურ ფაზაზე და გადმოვიტანთ კარავს კომპანიის შესასვლელ ჭიშკართან”, – აცხადებს გოლეთიანი.

აღნიშნული შეკითხვით მოძრაობის წარმომადგენლებმა 17 იანვარს სამინისტროს წარმომადგენელთან online-შეხვედრის დროს მინისტრის მოადგილეს, რომეო მიქაუტაძესაც მიმართეს. მაშინ მან აღნიშნა, რომ სამინისტრო პოზიციას იანვრის ბოლოსთვის გააცნობდა საზოგადოებას.  

„რაც შეეხება „ენკას“ და წერილს, რაც მოწერილია და დაწყებულია ეს პროცესი, უნდა გითხრათ შემდეგი, რომ მაქსიმუმ ამ თვის, იანვრის ბოლომდე ჩვენ გვექნება პოზიცია ჩამოყალიბებული, რომელსაც საჯაროდ, რა თქმა უნდა, ყველა იმ დაინტერესებულ ადამიანს, მათ შორის თქვენც და ასევე, სხვებსაც, გაგაცნობთ სამინისტროს ხედვას „ენკასთან” დაკავშირებით, ამ მემორანდუმთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით შიგნით ვმსჯელობთ სხვადასხვა უწყება და იმის შემდგომ, რაც გვექნება გადაწყვეტილება და ეს იქნება არაუგვიანეს იანვრის ბოლოს, ამ გადაწყვეტილებასაც გაგაცნობთ”, – ამბობდა ის.

როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, დასახელებული ვადის ამოწურვის შემდეგ პასუხი კვლავ არ მიუღიათ. სწორედ ამის გამო მათ დღეს კიდევ ერთი, ე.წ. გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.


სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია ENKA ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს.

მას შემდგომ საზოგადოებისთვის უცნობია, რა ეტაპზეა კომპანიასთან მოლაპარაკებები, რა იგეგმება, გაწყდა თუ არა ხელშეკრულება, როგორ აგრძელებენ მხარეები ურთიერთობას და ა.შ.

ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ENKA-სთან, რომ არბიტრაჟის გარეშე  დასრულდეს მოლაპარაკებები. ნათია თურნავას განცხადებით, თუ ინვესტორი არ დარჩება პროექტში, შესაძლებელია, ნამახვანჰესის პროექტი სახელმწიფომ განახორციელოს. მისი თქმით, ასევე შესაძლებელია, რომ  სახელმწიფო სრულად არ ჩაერთოს პროექტში და სხვა ინვესტორიც მოიყვანოს.