39 შვედური ორგანიზაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს

პუბლიკა

შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, რაც მათი თქმით, უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლისა და კანონმდებლობებით დაშინების ზრდას.

ორგანიზაციები საუბრობენ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ქართული არასამთავრობოებისთვის ინფორმაციის გამოთხოვის ფაქტზე და მიუთითებენ, რომ ეს მოთხოვნები მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, კანონები გამოიყენება რეტროაქტიურად და ვრცელდება ორგანიზაციებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონიერ და უფლებებზე დაფუძნებულ საქმიანობებს.

„ეს არის სახიფათო ნაბიჯი – კონფიდენციალური მონაცემების ძალდატანებით გამჟღავნება არღვევს კონფიდენციალურობის, სამართლებრივი დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის ძირითად პრინციპებს. ამავდროულად, ეს ყველას, ვინც მუშაობს ადამიანის უფლებების დასაცავად, მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად და დემოკრატიული ღირებულებების გასაძლიერებლად, უგზავნის გამაფრთხილებელ სიგნალს.

პარალელურად, მთავრობის კრიტიკოსებს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს იბარებენ სასამართლოში ახალი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, რომლითაც კრიმინალიზებულია საჯარო მოხელეების მიმართ ინტერნეტში „შეურაცხყოფა”. ეს საქმეები, რომლებიც სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებს უკავშირდება, საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და ამტკიცებს განსხვავებული აზრის ჩახშობის ფართო ტენდენციას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას და აღნიშნავენ, რომ ეს მოვლენები არა იზოლირებული შემთხვევები, არამედ მზარდი ტენდენციის ნაწილია, რომელიც ასუსტებს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობასა და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.

ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ:

  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ მოქალაქეების შევიწროება, რომლებიც გამოხატავენ საკუთარ აზრს;
  • უზრუნველყოს, რომ კანონები აღსრულებულია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისად და არ გამოიყენება დაშინების მექანიზმად;
  • კვლავ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, გაერთიანების თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო სივრცის მიმართ;

ისინი, ასევე, მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ხმამაღლა დააფიქსირონ პოზიცია და მხარი დაუჭირონ მათ, ვინც საქართველოში დემოკრატიის იცავს.

„ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება არ არის საფრთხე – ის ქვაკუთხედია ნებისმიერი საზოგადოების, რომელსაც დემოკრატიული მომავალი სურს”, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.