4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად ცხადდება - მთავრობის ადმინისტრაცია

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიებების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

„მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებუ განხცადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით.