„ფაიზერზე" 4 750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, ეს ადგილებიც დაემატება პორტალს - გაბუნია

პუბლიკა

4 750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, გამომდინარე იქედან, რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ასევე იყვნენ ისეთი მოქალექეებიც, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო აცრა ჯერ არ უწევდათ, თუმცა რესგიტრაციის დროს მათ მაინც შეიყვანეს თავისი მონაცემები.

„147 000-მდე პირი დარეგისტრირდა სულ, 4 750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, გამომდინარე იქედან, რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა. ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით არ უწევდა აცრის გაკეთება, თუმცა მათ მაინც შეიყვანეს თავიანთი მონაცემები. ასე რომ, 5000-მდე ჯავშანი რეალურად არ შედგა.

ბუნებრივია, ეს ადგილები დაემატება პორტალს… კლინიკები მზად არიან იმისთვის, რომ 8-საათიანი რეჟიმიდან გადავიდნენ 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე, ასევე ემატება ახალი კლინიკები, არის სრული მობილიზება იმისთვის, რომ ის დოზები, რაც ჩვენ გვაქვს, მაქსიმალურად მოკლე ხანში იქნეს ათვისებული… ასევე სატელეფონო ჩაწერაც გრძელდება, კვირის ბოლოსკენ შესაძლებელი იქნება ვირტუალური კაბინეტით ამცრელ კლინიკებში რეგისტრაცია”, – ამბობს გაბუნია.

მისი თქმით, დღის ბოლომდე დეტალურად დაანონსებენ დამატებით ადგილებს. როგორც ის ამბობს, ადგილების დამატება პირველ რიგში თბილისში მოხდება.

„დღის ბოლომდე დეტალურად დავაანონსებთ დამატებით ადგილებს. შევსება უპირატესად თბილისში იგეგმება, რადგან თბილისშია ძირითადად ყველაზე დიდი მოთხოვნა. ჯერჯერობით ადგილებია აჭარაში, სამეგრელოში. აჭარაში უფრო დიდ მოთხოვნას ველოდებით, რადგან საკურორტო რეჟიმიდან გამომდინარე თბილისელებისა და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან მოქალაქეები აჭარაში იმყოფებიან“, – განაცხადა გაბუნიამ.