„4 დაკუნთული ნიღბიანი გადმოხტა და დამიწყეს ჩხუბი" | გიორგი მუმლაძის თქმით, თავს დაესხნენ

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ საცხოვრებელ სახლთან 4 ადამიანი თავს დაესხა. მისი თქმით, შემთხვევა მარნეულში მოხდა.

მუმლაძის ინფორმაციით, წაღებულია მისი ტელეფონი.

„ჩემს საცხოვრებელ სახლთან, დაახლოებით 40 მეტრში, მითვალთავლებდა „ტოიოტა ქამრი”, ჩაბურული. დავიწყე ვიდეოს გადაღება, გაიწია მანქანა და გადმოხტა 4 დაკუნთული,  ნიღბიანი ტიპი და დამიწყეს ჩხუბი, შემომახიეს ტანსაცმელი, დაეტაკნენ ჩემს ტელეფონს და წაიღეს.

ჩემს შვილებთან ერთად ვსეირნობდი 5 წუთის წინ, ზუსტად იმ ტერიტორიაზე. მყავს 2 წლის და 7 თვის შვილები. 2 წლის შვილი თან დამყვება ყველგან, გამიმართლა რომ მასთან ერთად არ ვიყავი, ალბათ, მასზეც იძალადებდნენ.

პირდაპირ მივმართავ ივანიშვილს და ყველა ქოცს, თქვენ აგებთ პასუხს. ვის უნდა მიუვარდეთ სახლში, თქვე ნაბო….., ნახავთ თქვენ […].

ეს იყო სუს-ის მანქანა. 4 ნიღბიანი ადამიანი მელოდებოდა. ფერმა მაქვს აქ და ვმუშაობ სოფელში, მარნეულში, სოფელ წერეთელში.

ჩემს სოფლელ ქოცებს მივმართავ, ვინც ჩართული იყო ამაში, დედას გიტირებთ, ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვინც მისი ტიტუშკები ვერ შემაშინებენ”, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ „ტვ პირველის” ეთერში.


გუშინ 8 მაისს თავს დაესხნენ ორბორბლიანთა მარშის თანაორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმა ჩიქოვანს.

ღვინიანიძის თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როცა მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, – ის ვარაუდობს, რომ მისი ადგილსამყოფელი მაშინ გაიგეს, როცა უცხო ნომრიდან შესულ ზარს უპასუხა.

ჩიქოვანის განცხადებით კი, მას თავს დაესხნენ მაშინ, როცა სახლთან მარტო იმყოფებოდა.

მოგვიანებით კი „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თავს დაესხნენ მის ძმასაც, რომელსაც სადარბაზოსთან დახვდნენ.