ივანიშვილის და „ოცნების" სხვა წევრების სანქცირება — 4 ევროპარლამენტარი ბორელს მიმართავს

პუბლიკა

4 ევროპარლამენტარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს საქართველოს შესახებ კითხვებით მიმართავს.

მათ წერილში ნათქვამია:

„საქართველოში დღეს დილით განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „უცხოური გამჭვირვალობის კანონის” შესაძლო საბოლოო მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობის გათვალისწინებით გვინდა, დაგისვათ შემდეგი გადაუდებელი კითხვები:

აპირებთ თუ არა, 27 მაისის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომამდე, დააყენოთ საკითხი, რომ დაუყოვნებლივ დაწესდეს პერსონალური შემზღუდავი ზომები ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ? და მსგავსი ზომები დაწესდეს საქართველოს პარლამენტის ყველა იმ წევრის მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ კანონს და სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას?

მისცემთ თუ არა ინსტრუქციას ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახური და სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატს, შეაჩერონ მაღალი დონის ყველა ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერის განაწილებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად და კანონის მოქმედების განმავლობაში ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნისგან თავის შეკავებით?

იღებთ თუ არა ვალდებულებას, კანონის მიღებასთან ერთად, გამოიძახოთ საქართველოს ელჩი ევროკავშირში, რათა მასთან გამოხატოთ ევროკავშირის დაგმობა და გადასცეთ განზრახვა ზემოაღნიშნული ზომების მიღების შესახებ? განიხილება თუ არა ევროკავშირის ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის?”.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • თის რეუტენი (S&D)
  • ვიოლა ფონ კარმონ-ტაუბადელი (მწვანეები/EFA)
  • პეტრას ავსტრივიჩიუსი (განახლება)
  • მირიამ ლექსმანი (EPP)