4 მაისს ზურაბ არაბიძის გამოფენა გაიმართება

პუბლიკა

კურატორები თამუნა არშბა და თათა ქსოვრელი

ზურაბ არაბიძის შავ-თეთრი პორტრეტების სერია, „მომაკვდინებელი დუმილი“, 2009 იძულებული დუმილის ფენომენს, საკომუნიკაციო ენის გაქრობას და ძალაუფლების როლის მექანიზმებს იკვლევს.

დუმილი პოსტმოდერნიზმში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, ის არ ეხება სიჩუმეს, სიჩუმე ბუნებრივი მდგომარეობაა, დუმილის არსებობა სუბიექტის ნებასთან არის დაკავშირებული, და ბინარულობაშია მეტყველებასთან, სიტყვასთან. სიჩუმეში არაფერი არ ისმის, დუმილში არავინ არ საუბრობს, ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს და პარალელურად თანაარსებობაშია.








  • 01
    /




შეიძლება თუ არა გადმოიცეს მომაკვდინებელი დუმილის მდგომარეობა სიტყვით, სავარაუდოდ უფრო ვიზუალური მესიჯით. ფოტო-პორტრეტები მულტიექპოზიციით არის გადაღებული და ზოგ შემთხვევაში ფირების ერთმანეთზე დადებით არის დაბეჭდილი, რაც გამოსახულებას მრავალშრიანს ხდის, პორტრეტები არ გადმოსცემენ სიჩუმეს უფრო ხმაურს და მრავალ ერთმანეთში არეულ შეტყობინებას რასაც ერთ სიტყვამდე მიჰყავს ცნობიერი _ იმედგაცრუება ან შეშლილობა.

ამ კონტექსტში აქტუალურია მიშელ ფუკოს დისკურსი დუმილის არქეოლოგიის შესახებ, სადაც ფილოსოფოსი სტრუქტურულად, შეშლილობის კვლევის რეფერენსით დუმილს იკვლევს. დუმილის არქეოლოგია არ აღნიშნავს მუნჯობას ან სიტყვის არ არსებობას, არამედ ეხება გონების მიერ გაცემულ ბრძანებას მეტყველების შეწყვეტის, წართმევის შესახებ. შეშლილობის ფენომენი უკვე თავად სიტყვის არსშია შევიწროებული, აღიქმება ცნობიერში, როგორც კოდი ავადმყოფობის შესახებ, რომელიც ოდითგანვე გონიერებასთან ერთად არსებობს. გონიერიც და შეშლილიც ერთი ლოგოსის ნაწილია, რომელიც კლასიკურ ეპოქაში შეწყვეტილი იყო “გადაწყვეტილებით”, რაც გონიერს და შეშლის ყოფს ერთმანეთისგან, შედეგად შეშლილობას სიტყვა ერთმევა, და აკრძალული სისტემის ქვეშ ექცევა კონტროლისათვის: ციხეში, კამერებში, იზოლაციაში. ფუკოს ეს კვლევა ძირეულად ეხება ადამიანის როგორც სოციალური არსების არსის კვლევას. თანამედროვე კულტურა ხშირად მიმართავს შეშლილობის ფსიქიკური კვლევის ანალიზს, ადამიანის არსობრივი შემეცნებისათვის და ეს სარკეში ჩახედვასთანაა გაიგივებული.

მოცემული მაგალითი გონების მდგომარეობებს უპირისპირებს ერთმანეთს, რომლის შედეგადაც ერთი მდგომარეობა მეორე მდგომარეობის მიმართ კონტროლის და შიშის მექანიზმის გამოყენებით ართმევს ხმას, ესეთი დუმილი ერთის მხრივ უფსკრულის მანიფესტაციაა, მეორეს მხრივ ამ მდგომარეობის აღიარება პირველი ნაბიჯია საზოგადოების ყოფიერების არსობრივი შემეცნებისაკენ.