4 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში დრონების გამოჩენის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია

პუბლიკა

4 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში დრონების გამოჩენის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

Telegram-არხებზე ვრცელდებოდა ფოტო-ვიდეომასალა და ინფორმაცია.

ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა – ინფორმაცია TASS-ს დაუდასტურა ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომ.

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და რადიო-ელექტრონული ბრძოლის მეთოდებით საჰაერო სივრცის დრონების მიერ დარღვევას იგერიებდნენ. მარიონეტულმა უწყებამ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მანამდე 23 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გაგრის რეგიონში აფეთქების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენმა აპარატმა გამოიწვია.

24 თებერვალს დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სოფელ განთიადში დრონი ჩამოაგდეს, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უფრო ადრე, 2025 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოჭისკენ მიმავალმა უკრაინულმა დრონებმა რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარი გადაკვეთეს. ამის შემდეგ აფხაზეთის ლიდერმა ბადრა გუნბამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.