„4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობის, ერთი ნასროლი ქვაც… გუშინდელი განცხადების შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას“, – უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ამ განცხადებით მან შეაფასა ევროკომისიის სპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადება, რომელიც მან „ფორმულას“ შეკითხვის პასუხად გააკეთა.
„გუშინ გამოდის ევროკომისიის პრესსპიკერი და ამბობს, რომ მხარდაჭერას უცხადებს. 4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობის, ერთი ნასროლი ქვაც და ერთი შეურაცხყოფა პოლიციელის, თავდასხმა პოლიციელზე, თავდასხმა მოქალაქეებზე, სხვადასხვა საკუთრებაზე რუსთაველის გამზირზე თუ სხვა სახელმწიფო შენობაზე, გუშინდელი განცხადების შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას. ნერვებმა უმტყუნა მგონი ევროკავშირის ელჩს. მისი ინფორმაციით აკეთებს ხომ ამ განცხადებას პრესსპიკერი. როგორც ჩანს, მან ეს ინფორმაცია მიაწოდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და მისი პასუხისმგებლობაც იქნება“, – აცხადებს პაპაუაშვილი.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, მათი კითხვის საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბრის არჩევნებისა და დაანონსებული აქციის შესახებ განაცხადა, რომ:
„ქართველ ხალხს, ისევე როგორც ყველას აქვს დემონსტრაციის მშვიდობიანად მოწყობის უფლება, რომ გააგებინოს თავისი ხმა, ეს არის ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის.
ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა „ფორმულას“ ცნობით.