4 ოქტომბერს სამთავრობო მედიებისთვის ხელშეშლაში ბრალდებული 3 პირი დანაშაულს აღიარებს

პუბლიკა

4 ოქტომბერს აქციაზე სამთავრობო მედიებისთვის ხელშეშლის მუხლით ბრალდებული 7 პირიდან 3 დანაშაულს აღიარებს – ესენი არიან: გიორგი დუშენკო, ვახტანგ გაბელაია, ინგა პაპუნაშვილი-გაბელაია, – ამის შესახებ დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი.

მოსამართლის შეკითხვაზე, ცნობენ თუ არა თავს დამნაშავედ, 4 მათგანმა –  მარიამ ოთინაშვილმა, თამარ კირტავამ, ირაკლი წულაიამ და ალექსანდრე ცნობილაძემ აღნიშნეს, რომ არ ცნობენ თავს დამნაშავედ.


4 ოქტომბერს აქციაზე სამთავრობო მედიებისთვის ხელშეშლის მუხლით ბრალდებულ 7 პირს გირაო აქვთ შეფარდებული.

პროკურატურის ცნობით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ასევე, ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ტელეკომპანია „იმედის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.

ექვს ბრალდებულს ბრალდება წარედგინა შემდეგი მუხლით – ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს, ან ორ წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.

ირაკლი წულაიას კი ბრალი წარედგინა აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობის მუქარით იგივე დანაშაულის ჩადენას გულისხმობს. ეს ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად, ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.