4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 16 პირს ბრალდება წარედგინა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, 4 ოქტომბრის საქმეზე  16 პირს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.

14 ბრალდებულიდან ნაწილს ბრალად ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება, ნაწილს კი – როგორც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასევე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. უწყება მათ მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, მას ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზების მუხლით წარედგინა (სსკ-ის 226-ე მუხლი). მეყანწიშვილს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. უწყება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ასევე, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს. პროკურატურის ცნობით, შაიშმელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლების დამხობის შესახებ მოწოდებები გააკეთა და ცდილობდა შსს-ს თანამშრომლების დემორალიზებას. მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„იური ლომიძემ, გიორგი ტალახაძემ, დავით გიუნაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, გენადი კელიხაშვილმა, დათო ღურწკაიამ, რამაზ ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გია თოლორაიამ, გური ჟვანიამ, კახაბერ კვაჭანტირაძემ, სიმონ მახარაძემ, ავთანდილ თოფჩიშვილმა, მიხეილ თოლორაიამ სხვა პირებთან ერთად,  ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ.

ბრალდებულების ნაწილი, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სხვადასხვა საგნებს ესროდა სამართალდამცავებს, რომლებიც ათონელის ქუჩის გავლით მიემართებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ. მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

…მარიამ მეყანწიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობის მიზნით, 4 ოქტომბერს, ათონელის ქუჩაზე ყოფნისას, მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემდგომი მოქმედებების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირი N21-ში მდებარე ოფისში. აღნიშნულის შემდეგ, ათონელის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა ძალადობრივი ქმედებები, რა დროსაც მასში მონაწილე პირები, მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნებს და უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება სსკ-ის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას გულისხმობს და სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება) წარედგინა, რაც  სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, გია თოლორაიას, გური ჟვანიას, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემურ ქურციკიძეს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღურწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა 14 დაკავებულისთვის და ირაკლი შაიშმელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. მარიამ მეყანწიშვილის შემთხვევაში კი გირაოს მოითხოვს.

უწყების ცნობით, ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულია კიდევ 48 პირი, რომლებსაც ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინათ.