4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულ კიდევ 6 პირს – გოჩა ყატაშვილს, საბა კორძაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი კირვალიძესა და ნანა სანდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.
პროკურატურა სხდომაზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე.
პროცესზე დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდებას. ადვოკატების თქმით, არ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. დაცვის მხარემ თქვა, რომ პროკურორმა შაბლონურ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც არ გამომდინარეობდა ბრალდებულების ინდივიდუალური მოცემულობიდან. მათ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ნაკლებად მძიმე სახის – გირაოს გამოყენება შესთავაზეს.
4 ბრალდებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.
საბა კორძაიას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა; ნანა სანდერს კი ჯგუფურ ძალადობის ორგანიზება.
წინასასამართლო სხდომა 27 ნოემბერს, 15 საათზე ჩაინიშნა.
4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით დღეს კიდევ 8 ადამიანი დააკავეს, 4 კი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, მიმალვაშია. ჯამში ამ საქმეზე 44 ადამიანია დაკავებული.
8 ოქტომბერს ამ საქმეზე დაკავებულ 13 აქტივისტს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 7 ოქტომბერს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს.
დაკავებულების ნაწილს ბრალი, ჯერჯერობით არ წარდგენია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე ( მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 187-ე ( ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.