შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დღეს, 8 ოქტომბერს, კიდევ 12 ადამიანი დააკავეს.
შსს-ს მიხედვით, დაკავებულთა შორის არიან: საბა კორძაია, ზურაბ ჭავჭანიძე, კოტე კოკაია, გ.ქ., გ.ყ., ს.ა., გ.კ., ალექსანდრე ჩილაჩავა, ლ.ჯ., ს.ტ., ლაშა ივანაძე, და ბ.ქ.
„დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორებთან ერთად ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირი შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს“, – თქვა დარახველიძემ.
ამ დროისთვის, საქმეზე დაკავებულია 35 ადამიანი, მათ შორის არიან „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებიც.
13 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და ყველას მიმართ პატიმრობა გამოიყენა. ამ წუთებში მიმდინარეობს კიდევ 5 ბრალდებულის პროცესი.
კიდევ 5 დაკავებულს ბრალი, ჯერჯერობით არ წარდგენია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე ( მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 187-ე ( ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.