შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი – გ.კ. დააკავეს. ჯამში დაკავებულია 36 ადამიანი.
„სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – წერია უწყების განცხადებაში.
გუშინ, 8 ოქტომბერს შსს-მ თქვა, რომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 12 ადამიანი დააკავეს. ამავე დღეს იგივე საქმეზე დაკავებულ 13 აქტივისტს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 7 ოქტომბერს სასამართლომ „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულების ნაწილს ბრალი, ჯერჯერობით არ წარდგენია. სასამართლო, სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს კიდევ 5 ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე ( მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 187-ე ( ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.