პროკურატურის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებულებს ბრალის დადგენილება დაუზუსტდათ.
უწყების განმარტებით, ნანა სანდერს ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება, კერძოდ მას ბრალად ედება ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.
„სანდერს ბრალად წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), ახალი კვალიფიკაციით კი მას ბრალდება წარედგინება როგორც 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ)“, – აცხადებს პროკურატურა.
დანარჩენ 63 ბრალდებულს ბრალდება უზუსტდება დანაშაულის ქმედების ნაწილში, არ იცვლება მათი ბრალის კვალიფიკაცია.
დაზუსტებული ბრალი ადვოკატების თანდასწრებით უკვე გააცნეს ბრალდებულებს.
პროკურატურა 4 ოქტომბრის მოვლენების გამო დაკავებულების ნაწილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ნაწილს – მასში მონაწილეობას, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება. ამ ეტაპზე ბრალდებულია 64 პირი.