4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 14 პირის საქმეზე მტკიცებულებათა კვლევა დაიწყო – პროკურატურამ დღეს სხდომაზე ორი ვიდეო წარადგინა:
1 – სატელევიზიო პირდაპირი ეთერის 7-საათიანი ჩანაწერი;
2 – კერძო დაწესებულებიდან ამოღებული 5 წუთამდე ჩანაწერი, რომელშიც პოლიციელთა უკანდახევა ჩანს.
„დღევანდელი ვიდეოთი დადასტურდა როგორც ორგანიზატორთა მოწოდება ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ, ასევე უშუალოდ პირთა მიერ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი“, – განაცხადა პროკურორმა და აღნიშნა, რომ მომდევნო სხდომებზე დამატებით ასევე გამოიკვლევენ კონკრეტული ბრალდებულების მიერ ჩადენილ ქმედებებს.
დაცვის მხარე კი ამბობს, რომ პროცესზე პროკურორმა არ მიუთითა მათ, ამ ვიდეომასალის გამოკვლევის შედეგად რისი დადასტურება სურდა.
„თავიდან ჩვენ ვნახეთ მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძის გამოსვლის კადრები, თუმცა ეს გამოსვლები რა კავშირში იყო ბრალდებულებთან, ეს უნდა აღენიშნა პროკურორს. უნდა ეთქვა, თუ მიაჩნდა, რომ მათი მოწოდების შემდეგ ეს პირები წავიდნენ და ძალადობა განახორციელეს – თუ ეს უნდოდა ეთქვა, მაშინ უნდა მიეთითებინა, რაც არ გაუკეთებია…
საქმეც ესაა – იდგნენ თუ არა ბრალდებულები იქ, სადაც ეს მოწოდება იყო? ვიდეოკადრებში ეს პირები მოწოდების დროს საერთოდ არ ჩანან. მსვლელობის კადრებიც გვაჩვენეს, იქაც არ ჩანან. ეს პირები აქციიდან მოდიოდნენ? – ამ კითხვაზე პასუხი ხომ უნდა გასცეს პროკურატურამ“, – განაცხადა ადვოკატმა ჯანო ჭკადუამ.
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულია 64 პირი. 14-პირიანი საქმეში გაერთიანებული არიან შემდეგი ბრალდებულები: ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე
მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი:
· სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
· ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;