4 შემთხვევიდან, რომელთა წყაროც უცნობია, 3 თბილისშია – გახარია

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 11 ივნისს 6 ახალი შემთხვევიდან  4-ის წყარო უცნობია და ამ ოთხიდან 3 შემთხვევა თბილისშია.

„11 ივნისის მდგომარეობით, ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს, ერთი შეხედვით, ბევრი არ არის, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ 6 შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა ცნობილი არ არის. ამ ოთხი ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც დღეს ჩვენ, ჯერჯერობით, ვერ ვადგენთ 3 გახლავთ თბილისში.

უნდა გვესმოდეს, რომ ოთხი ახალი შემთხვევა ინფიცირების, რომლის წყარო ჯერ დაუდგენელია, დიდი რისკის შემცველია. ფაქტიურად არის ოთხი ახალი კლასტერი, რომელზეც ჩვენ არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს, საიდან, როდის ან სად მოხდა ინფიცირება. ეს  რა თქმა უნდა საგანგაშოა.“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალ შემთხვევებზე, რომელთა წყაროც უცნობია, ცნობილი გახდა გუშინ. ამირან გამყრელიძე გუშინ ამბობდა, რომ ქვეყანაში 5 ახალი შემთხვევაა, რომელთა წყაროს დადგენა ვერ ხერხდება და მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. დღეის მდგომარეობით კი, ამ 5 ახალი შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში წყაროს დადგენა მოხერხდა, ოთხ შემთხვევასთან კი წყაროს დასადგენად ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა  მიმდინარეობს.