ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 6 ახალი შემთხვევაა ქვეყანაში და 4 – გამოჯანმრთელების. მისი თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 121 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს.
„რაც შეეხება 6 ახალ შემთხვევას, 1 არის საკარტინო სივრციდან, 1 სამედიცინო პერსონალია და 4 პაციენტის წყაროს დადგენა გრძელდება. პირველწყარო, როგორც ასეთი, ამ 4 შემთხვევასთან არ არის დადგენილი. მიდის მათი კონტაქტების კვლევა, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ვნახოთ, რამდენიმე დღეში უნდა მოიძებნოს ამათი ინფიცირების წყარო“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ და იმედი გამოთქვა, რომ ამ შემთხვევების პირველწყარო მოიძებნება.
მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში იმ 4 შემთხვევიდან 1 ახალი პაციენტია, რომლის წყაროც უცნობია.
„პაციენტი, ძირითადად, სახლში იყო. ასაკოვანი ქალბატონია. ცხელების ცენტრში დაუდასტურდა დიაგნოზი და ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს ჩვენთან”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 6-ით გაიზარდა. 5 შემთხვევის შესახებ წუხელ გახდა ცნობილი, 1 კი დილით დაემატა. სულ დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობაა 828. აქედან გამოჯანმრთელებულია 694 ადამიანი.