4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო - შსს | Covid-19

პუბლიკა

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა, – ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გურიის რეგიონში, დასახელებულ სოფლებში სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული პუნქტების ტერიტორიაზე საველე კარვები ააწყვეს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.

პოლიცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.

პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან”, – ნათქვამია განცხადებაში.