4 თვეა კლინიკაში ვარ, დიდი ფსიქოლოგიური სტრესია - 20 ივნისის აქციაზე დაშავებული დავით ფარადაშვილი

პუბლიკა

20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებული დავით ფარადაშვილი „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყვება, რომ აქციაზე თავში ცრემლსადენი გაზის შაშხანა მოხვდა, რის შედეგადაც ოთხი თვის განმავლობაში გადის რეაბილიტაციას საავადმყოფოში.

ფარადაშვილი ამბობს, რომ მას დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს და მიიჩნევს, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაა.

ფარადაშვილი მიიჩნევს, რომ აქციის ღამეს პოლიციამ ძალას გადაამეტა,- „მე რომ ვყოფილიყავი მაგათ ადგილზე, მე რომ მდომოდა აქციის დარბევა, წყლით დავასველებდი ხალხს უბრალოდ. სველი ადამიანი აქციაზე არ გაჩერდებოდა. რა შუაშია ცრემლსადენი გაზი და რეზინის და პლასტმასის ტყვიები? რატომ? როცა არსებობს ბევრად ჰუმანური საშუალება – წყალი“.

ფარადაშვილი მიიჩნევს, რომ მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმის გამო მას დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს,- „ოთხი თვეა კლინიკაში, სარეაბილიტაციო ცენტრში და რეანიმაციაში ვარ და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესია ჩემთვის, სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ მგონია“.

„მთავარი არხის“ ცნობით,  ფარადაშვილი ამჟამად რეაბილიტაციას გადის ტრავმისგან დარღვეული კოორდინაციის გამოსასწორებლად. მათივე ცნობით, მას თავის ქალის ძვალი ისე დაუზიანდა, რომ ტრანსპლანტაცია სჭირდება.

************

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულთათვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, პროკურატურამ დაზარალებულად ამ დრომდე მხოლოდ 4 სამოქალაქო პირი ცნო.

„ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 პირი დაზარლდა, მათ შორის  – 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რაოდენობა 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული  – 4 პირს. დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა, ასევე, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.