„12 მაისის მოვლენებიდან” 4 წელი გავიდა. კლუბი BASSIANI განცხადებით ეხმაურება აღნიშნულ თარიღს და „დაყოფილ და დანაწევრებულ საზოგადოებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეთანხმებების საყრდენის შემქნაზე” ამახვილებს ყურადღებას. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის ქუჩები ათასობით მოცეკვავემ პროტესტის ნიშნად ცეკვით დაიკავა და ამით, დაიცვა საერთო მონაპოვარი – თანასწორობაზე, სოლიდარობაზე, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული უსაფრთხო გარემოს იდეა.
ეს სივრცეები, რომელიც ათასობით ადამიანის ისტორიებს, ფიქრებს, ტკივილსა და სიხარულს, იმედებსა და სიზმრებს ინახავს, ჩვენი ინდივიდუალური და საერთო მეხსიერების ნაწილია, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. 2018 წლის 12 მაისს ურთიერთპატივისცემასა და ზრუნვაზე დაფუძნებული ურთიერთობების კულტურამ თბილისის კლუბებიდან ქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლა და საზოგადოებას სოლიდარობის მნიშვნელოვანი მაგალითი მისცა.
12 მაისის შედეგებზე აზრები ხშირად იყოფა და საზოგადოების ნაწილი ცდილობს, ეს დღე „გამარჯვებულისა” და „დამარცხებულის” კატეგორიებში მოაქციოს. თუმცა იქნებ შეცდომაც კი იყოს ასეთი ორბუნებოვანი კატეგორიებით მსჯელობა პროცესზე, რომელიც თავის თავში არაერთ კულტურულ, პოლიტიკურ განზომილებებსა და პერსპექტივებს ატარებს.
სიმართლე, შესაძლოა, სულაც არ იყოს ერთი და თუ მისი პოვნა შეუძლებელია, ძიების პროცესში კრიტიკული თვითრეფლექსიით, აღმოჩენების გაზიარებით, იქნებ საერთო ფუნდამენტის აწყობა მაინც შევძლოთ. ჩვენს დაყოფილ და დანაწევრებულ საზოგადოებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეთანხმებების საყრდენი იქნებ ასე მაინც შევქმნათ.
2018 წლის 12 მაისის მოვლენებიდან მალევე, მსოფლიოს გლობალური პანდემია დაატყდა თავს, რამაც საზოგადოებას სრული იზოლაცია გამოიწვია. საკუთარ სახლებში განმარტოებული, უცხო ვირუსთან, სოციალურ და ეკონომიკურ კოლაფსთან მარტო დარჩენილ ადამიანების ყველა შიში და კოშმარი გაცხადდა. კრიზისი განსაკუთრებით მძიმე იყო ისეთ მოწყვლად საზოგადოებებში, რომლის პოლიტიკური და ეკონომიკური წყობა ზრუნვისა და სოლიდარობის პრაქტიკებს უარყოფს და ამის ნაცვლად, კოლექტიური პასუხისმგებლობის სრული უარყოფით, თავისუფლების სახელით რადიკალურ ინდივიდუალიზმსა და მერკანტილიზმს ქადაგებს, როგორც გადარჩენის ერთადერთ სწორ გზას.
მოულოდნელი არ ყოფილა, რომ სწორედ ამ კრიზისში, ამ გზის საპირისპიროდ, განსაკუთრებით გაძლიერდა სოლიდარული მოძრაობები და თვითგადარჩენის რეჟიმში მყოფმა საზოგადოებამ კატასტროფისგან თავის დაღწევა კვლავ ურთიერთდახმარებით შეძლო. თუმცა, ამასთან ერთადვე გაძლიერდა სოლიდარობის ჯაჭვს მიღმა ნებით თუ უნებლიედ დარჩენილი ჯგუფები, რომლებმაც, ძალაუფლების ვერტიკალების წაქეზებით, თბილისის ქუჩებში სიძულვილის აღლუმები მოაწყეს.
ძალაუფლება სარგებლობს დაყოფით, კონფლიქტის შენარჩუნება მისი ერთადერთი საშუალებაა, არაკეთილსინდისიერი მიზნები წინააღმდეგობის გარეშე განახორციელოს და საზოგადოებრივი სიკეთეების, კოლექტიური წინსვლის ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქროს. 2022 წლის თებერვლის ბოლოს ჩვენს მეზობლად, ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი ამის კიდევ ერთი, სასტიკი მაგალითია. იმპერიალისტური ლოგიკა უკრაინის შიგნით კონფლიქტის კერების გაღვივებას, უკრაინელი ხალხის დაყოფის და შემდეგ ამით მათზე გაბატონების მცდელობას დაეყრდნო, თუმცა კრახი განიცადა, რადგან დაყოფა – არ მოხდა. ამის ნაცვლად, უკრაინელი ერი დამოუკიდებელი, თავისუფალი, ურთიერთპატივისცემასა და საერთო პასუხისმგებლობების ფუნდამენტის გარშემო გაერთიანდა და ამით, რადიკალურად შეცვალა ისტორიის მსვლელობა.
კიდევ ერთხელ, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს ამ ბრძოლაში.
გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა სწორედ ასეთ შეთანხმებაშია. ამ შეთანხმებამდე ხანგრძლივი მსჯელობის, კამათის, ღია განხილვებისა და ზოგჯერ, კონფლიქტების შემდეგ მივალთ, მაგრამ იმისათვის, რომ ეს გზა გავიაროთ, რადიკალურად მნიშვნელოვანია არ შევწყვიტოთ მოძრაობა, არ დავყაროთ ფარ-ხმალი, არ დავთესოთ უიმედობა და ნიჰილიზმი. ამის ნაცვლად, საკუთარი და ერთმანეთის შესაძლებლობების ვირწმუნოთ და პირობა მივცეთ ერთმანეთს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია და თუ ამ რთულ გზაზე რომელიმე ჩვენგანს ძალა მაინც გამოეცლება, კი არ მივატოვებთ, არამედ დაველოდებით და გვერდში დავუდგებით, რათა მოძრაობა არა მხოლოდ გადარჩენილებმა და გამარჯვებულებმა, არამედ ყველამ ერთად გავაგრძელოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, თბილისის ორ ღამის კლუბში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოულოდნელად, თანადროული და ფართომასშტაბიანი, საპოლიციო ოპერაცია დაიწყო.
ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დაწყებას, კლუბების მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეთა სპონტანური შეკრების ორგანიზება მოჰყვა. მომდევნო დღეებში კი, პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქციები გაიმართა.