4 წელში აბასთუმანში პრივატიზებული ფართობის 81.1% ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა იყიდეს - TI

პუბლიკა

„კორუფციის რისკები აბასთუმანში” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI), კვლევას აქვეყნებს და ამბობს, რომ კვლევამ აბასთუმნის მაგალითზე წარმოაჩინა, თუ როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუციებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს და როგორ სწრაფად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე წარმართავს სახელმწიფო მნიშვნელოვან საბიუჯეტო რესურსებს საამისოდ.

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნით 2018 წლის აგვისტოში დაინტერესდა, როცა ის მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში” და ამის შემდეგ, კურორტი პრიორიტეტული გახდა სახელმწიფოსთვის.

TI კვლევაში ამბობს, რომ ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფომ აბასთუმანში 20-ჯერ მეტი მიწა გაყიდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 წელიწადში. პრივატიზებული ფართობის 91.7% „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სუბიექტებმა იყიდეს, 81.1% კი – პირადად ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა.

„მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით საკუთარი ეკონომიკური დაინტერესება ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა. 2018 წლის აგვისტოდან დღემდე  6-მა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის დახარჯა 249 920 551 ლარი, თითქმის 14-ჯერ მეტი, ვიდრე 2012-2018 წლებში. ამ თანხის 83.1% „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. მათ, სხვადასხვა დროს, მმართველი პარტიის ანგარიშზე  1 276 000 ლარი აქვთ შეტანილი”, – ვკითხულობთ კვლევაში. 

გთავაზობთ კვლევის ძირითად მიგნებებს:

► 18 სუბიექტიდან, რომლებმაც 2018 წლის აგვისტოდან შეიძინეს მიწა აბასთუმანში,  14  „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული. მათ ჯამში 59 276 კვ.მ. ფართობი 7 490 400 ლარად იყიდეს. აქედან, 9 სუბიექტი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული –  მათ ჯამში, 52 443 კვ.მ. მიწა 6 417 200 ლარად შეიძინეს.

► 2012-2022 წლებში, 6-მა სახელმწიფო უწყებამ, აბასთუმანში, როგორც კურორტზე ასევე, სოფელში, ჯამში, 177 სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა და მათზე  267 490 306 ლარი დახარჯა. ამ თანხის 93.4% –  249 920 551 ლარი 2018 წლის აგვისტოდან დღემდე დაიხარჯა, ანუ მას შემდეგ, რაც აბასთუმნით ბიძინა ივანიშვილი  დაინტერესდა.

► 2018-2022 წლებში აბასთუმანში სახელმწიფო შესყიდვებით გახარჯული თანხის 83.1% –  207 720 451 ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. მათ, სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას  1 276 000  ლარი შეწირეს.

► 2018 წლის აგვისტოდან დღემდე აბასთუმანში განხორციელებული საჯარო შესყიდვებიდან 145 101 148 ლარი, ანუ მთლიანად გახარჯული თანხის 58.1%, „ქართული ოცნების” შემომწირველებთან დაკავშირებულმა  კომპანიებმა უკონკურენტოდ და სხვა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღეს.

► 2018-2022 წლებში, ყველაზე მეტი თანხა – 150 968 119 ლარი, 16 შესყიდვით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოყო.  ყველაზე ნაკლები კი – 126 697 ლარი 2 შესყიდვით – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.

ვრცლად გაეცანით ბმულს;