2018-2022 წლებში დადგენილი განაჩენების მიხედვით, ქორწინების იძულებისთვის მსჯავრი დაედო მხოლოდ 31 პირს; ქორწინების იძულების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის [ე.წ. მოტაცება] დაახლოებით 87.5%-ში კი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, – ამის შესახებ საუბარია პუბლიკაციაში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ მოამზადა.
,,სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ადევნების და ქორწინების იძულების დანაშაულებზე (2018-2022)” – დოკუმენტში საერთო სასამართლოების განაჩენები შეისწავლეს და გაანალიზეს.
გთავაზობთ ძირითად მიგნებებს:
ქორწინების იძულება (სსკ-ის 150 პრიმა მუხლი):
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩატარებული არაერთი კვლევა მიუთითებს
იმაზე, რომ კვლავ მაღალია ქვეყანაში საზიანო პრაქტიკა ქორწინების იძულებასთან
დაკავშირებით, საერთო სასამართლოებში განხილული საქმეები აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით ძალიან მწირია.
2018-2022 წლებში დადგენილი განაჩენების მიხედვით, ქორწინების იძულებისთვის მსჯავრი დაედო მხოლოდ 31 პირს;
ქორწინების იძულების მსხვერპლთა თითქმის ნახევარი არასრულწლოვანი გოგო იყო;
სასამართლო დამნაშავეთა მიმართ ძირითადად იყენებს არასაპატიმრო სასჯელებს. შესაბამისად, გამოწვევად რჩება ქორწინების იძულების ფაქტებზე მსჯავრდებული პირებისათვის სათანადო სასჯელების შეფარდების საკითხი, მით უფრო მაშინ, როდესაც დაზარალებული არასრულწლოვანია;
სასამართლო პრაქტიკა ძალიან მწირია, პირობითი მსჯავრის დროს, მსჯავრდებულთათვის დამატებითი მოვალეობების დაკისრების თვალსაზრისით. მხოლოდ ერთ საქმეში დაეკისრა მოძალადეს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სასწავლო კურსის გავლა, რაც პოზიტიურ მიგნებად უნდა შეფასდეს.
ქორწინების იძულების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა [ე.წ. მოტაცება] – (სსკ-ის 143-ე მუხლი – თავისუფლების უკანონო აღკვეთა)
აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა ძალიან აქტუალურია, მათ შორის მაშინაც, როდესაც დაზარალებული არასრულწლოვანი გოგოა.
პირველი ინსტანციის მიერ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენების თანახმად, 161 პირს მსჯავრი დაედო ქორწინების იძულების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, მათ შორის, 141 პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ე.ი. დაახლოებით 87.5 %-ში;
საპროცესო შეთანხმება ძირითად შემთხვევაში ფორმდება დამატებითი სასჯელის – ჯარიმის დაკისრებით (118 მსჯავრდებულს დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა დაეკისრა). ჯარიმის მინიმალური ოდენობა შეადგენდა 2 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა – 20 000 ლარს.
საქმის არსებითი განხილვის გარეშე დამდგარ განაჩენებში ძალიან მწირია მსჯელობა ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ასევე ნაკლებად არის დასაბუთებული დამნაშავეთა მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა. ძირითადად, მკაფიოდ არ იკითხება თუ რა კრიტერიუმების (პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების) გათვალისწინებით ხდება ერთსა და იმავე დანაშაულში, ერთი და იმავე მუხლით ან მუხლის ნაწილით მსჯავრდებული სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული სასჯელების განსაზღვრა. ზოგიერთ შემთხვევაში, შედარებითი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სხვადასხვა სასჯელების განსაზღვრისას დიდწილად გავლენას ახდენს ნასამართლობა და წინასწარ შეთანხმებულ დანაშაულებრივ ჯგუფში განსაზღვრული თითოეული პირის როლისა და ფუნქციის შეფასება”, – ვკითხულობთ კვლევაში.
დასკვნის სახით პუბლიკაციაში აღნიშნულია:
„ქალთა მიმართ ძალადობის საქმეები გამოირჩევა მტკიცებულებების სიმწირით და განსაკუთრებით რთულია პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვება, მით უფრო მაშინ, როდესაც დაზარალებული იყენებს მისთვის მინიჭებულ კონსტიტუციურ უფლებას და უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით შესაძლებელია დამატებითი ბარიერები შექმნას საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებულმა პრაქტიკამ – პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობის აუცილებლობის შესახებ.
ამასთან, მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში მნიშვნელოვანია გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა, რაც ბოლო წლებში არსებული პროგრესის მიუხედავად, პრაქტიკაში კვლავ გამოწვევად რჩება. მათ შორის, ისეთ საქმეებზე, რომლებშიც დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, დისკრიმინაციული მოტივი ცალსახაა. მაგალითად, ქორწინების იძულების და ქორწინების იძულების მიზნით ქალის/არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების საქმეებში. აღნიშნულზე მიუთითებს კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციაც. იგივე ითქმის ადევნებასთან მიმართებით, რომლის ჩადენაც, უმეტესწილად, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულების, მასზე უფლებების ქონის სურვილით, მისი ქცევის კონტროლის და გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზებით ხდება.
განაჩენთა შესწავლამ ცხადყო, რომ გარკვეულ შემთხვევებში სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას ძალადობის წინარეისტორიაზე. თუმცა, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლოს მიერ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე კონკრეტული საფრთხეების შეფასებისას, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ძალადობის წინარეისტორიაზე, რისი დამადასტურებელიც შესაძლებელია იყოს საქმეში არსებული შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერები”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.