„სტანდარტულად, დღის განმავლობაში რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, რაც ბოლო პერიოდში გაიზარდა 40-45 პროცენტით, თითოეული მოქალაქის შესწავლა ხდება“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაკადები ლარსის გამშვებ პუნქტზე გაზრდილია, თუ ვთქვათ, სტანდარტულად, დღის განმავლობაში იყო რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე შემომსვლელი, ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ადამიანების რაოდენობა 40-45 პროცენტით გაიზარდა. შსს აკეთებს ყველაფერს, რაც კანონით არის განსაზღვრული. კერძოდ, ხდება თითოეული მოქალაქის შესწავლა, თუ არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხდება მათი არდაშვება საზღვარზე და უარის თქმა. ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, მაქსიმალურად ვაკონტროლებთ იქ არსებულ სიტუაციას, დამატებით ძალებია გადაგზავნილი ლარსის პუნქტზე“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით ახლა არაორდინალური სიტუაციაა, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ გამოიწვია ნაკადების ზრდა არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც.
„რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, მაგრამ არსებული რესურსებით ვუმკლავდებით, თითოეული პირის შესწავლა ხდება და სადაც საფრთხეები არსებობს, იმ ადამიანების მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღება”, – განაცხადა დარახველიძემ.