ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის, მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც 40 %-ზე დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაში პარტიის მხრიდან მთავრობის დაკომპლექტებას გამორიცხავს.
„ცალკე აღებულ რომელიმე მოდელზე არ ყოფილა საუბარი. ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“ მზად არის ის წუხილი, რომლებიც შეეხება 40%-ზე დაბალი რეიტინგის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას, მოვხსნათ და ისეთ მექანიზმზე ვილაპარაკოთ, რომელიც ყველა ვარიანტში ამას გამორიცხავს.
ამ პრინციპზე თუ ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენი მზაობა ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება უნდა შედგეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თუმცა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლებას ჰქონდა ახალი წინადადება 110/40-ზე მოდელის სახით, სიმართლეს არ შეესაბამება.
ოპოზიციამ პირველად 9 თებერვალს წამოაყენა ინიციატივა საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში შეუძლებელს გახდიდა რომელიმე პარტიის მხრიდან მთავრობის დაკომპლექტებას.
„თუ მაინცდამაინც ციფრებში უნდა გადავიყვანოთ, ეს არის 130 პროპორციული ადგილი და 20 მაჟორიტარი“, – განაცხადა მაშინ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.