400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პროცესი ისევ გადაიდო. სხდომა ხვალ, 22 ნოემბერს 16 საათზე ჩაინიშნა;
როგორც „პუბლიკას“ სასამართლოში განუცხადეს, მიზეზი კვლავ მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
პროცესი 11 ნოემბერსაც მოსამართლე ნათია გუდაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის საბაბით გადაიდო.
ბრალდებულების ბოლო პროცესი სექტემბერში იყო, ამ სხდომაზე მათ პროტესტი გამოთქვეს მომდევნო პროცესის ორი თვის შემდეგ, ნოემბერში ჩანიშვნის გამო. დაცვის მხარე პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობდა.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ამ ორ ახალგაზრდას 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მათ დაკავების დღიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაცვის მხარის არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლო პატიმრობას უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით არ ცვლის.
წინა სხდომაზე, 23 სექტემბერს – მოსამართლე ნათია გუდაძემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ ან თავდებობით გათავისუფლების შესახებ. პირად თავდებობაზე ხელმომწერთა სიაში იყო 66 ადამიანი, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატები, ყოფილი ომბუდსმენი.
ამასთან, ორგანიზაციამ (DRI), რომელიც მათ უფლებებს იცავდა, ჯებირის დაზიანებით დამდგარი ზიანი – 400 ლარი ივლისში აანაზღაურა.
„შსს-ს ეკონომიკის დეპარტამენტს (ვინც არის დაზარალებული ამ საქმეში) სახაზინო კოდით ჩავურიცხეთ 400 ლარი [ჯებირის თანხა]. სასამართლოში მივიტანეთ გადახდის ქვითარი. რეალურად, ეს მინიმალური ზიანიც აღმოფხვრილია“, – ამბობდა კონიაშვილი.
მუხლი, რომლის საფუძველზეც აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, პარლამენტმა გასულ წელს – მარტის აქციების შემდეგ – დაჩქარებული წესით მიიღო.
23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით წარუდგინა. ეს ნაწილი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.