400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ტურისტებისგან ქვეყანაში ინფექციის შემოტანის - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის ინფექცია ქვეყანაში შემოსულ 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა.

„გუშინ კორონავირუსის „დელტა” შტამის კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა. იმავე ტურისტებში. ჩვენ დაახლოებით 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული ინფექციის ქვეყანაში შემოტანისა და შემდეგ მათი იზოლირების. ანუ ეს გაზრდილი მობილობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია შემთხვევების ზრდის“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ტურისტებთან დაკავშირებით ეს რაოდენობა დაფიქსირდა ბოლო ერთ თვეში. მათგან ზოგს ადგილზე [საზღვარზე] დაუდასტურდა ვირუსი, ნაწილს კი შემოსვლის შემდეგ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა,  შემოწმდეს ტესტირების საშუალებით.

„72-საათიან რეჟიმში ტესტირების მოთხოვნა დღესაც გვაქვს, თუმცა ვაქცინაციის სტატუსი ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი. დღევანდელი მდგომარეობით, არ მივიჩნევთ საჭიროდ, რომ ტესტირება ასეთ ტურისტს [ვაქცინირებულს] ჩაუტარდეს, თუმცა სამომავლოდ, ამ რისკის გათვალისწინებით, იგეგმება ტესტირების სქემის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება, ვაქცინირებული ტურისტებისთვის 72 საათში ერთხელ ტესტირებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.