41-ე დღეს არა, მაგრამ 37-ე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც მორიგი დადგმული ფეიკია - მდინარაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით წერს, რომ იუსტიციის მინისტრის გუშინდელი განცხადებით „კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა“.

„რამდენიმე დღის წინ ვთქვი, 41-ე დღეს ველოდები, როცა სააკაშვილი (ორმოცდღიანი „შიმშილობის“ ფონზე) ისევ ჯანმრთელად იქნება და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება-მეთქი. ეს ნათქვამიც გააყალბეს, სიკვდილს ელოდებიანო, – მათი გონება სხვანაირად ვეღარ მუშაობს… ორმოცდამეერთე არა, მაგრამ ოცდამეჩვიდმეტე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული ფეიკია!

ტყუილებს და ბოროტებასაც თავი რომ დავანებოთ, უმძიმესი სანახავია და თანამედროვე სამყაროში მხოლოდ პუტინის და კიმ ჩენ ინის შემთხვევაში თუ გაახსენდება ვინმეს ლიდერის (თუ ბელადის) მიმართ ასეთი ფანატიზმი, ლექსების მიძღვნა, გაბზარული, ტირილნარევი ხმა თუ მონოლოგები და ათასი სხვა მესიანისტური დითირამბი!
მსგავსი აღარასდროს იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, რომელიც განათლებულ, სამშობლოსმოყვარულ, ეროვნულ და ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებულ მომავალ თაობებს ეკუთვნით“, – წერს მამუკა მდინარაძე.

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს.