დეოლიგარქიზაციის ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილი არ არის ნაგულისხმები - კობახიძე

პუბლიკა

ევროკომისიის რეკომენდაციებში საქართველოსთან დაკავშირებით დეოლიგარქიზაციის ნაწილზე შეკითხვის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში გვყავს ისეთი ცნობილი ოლიგარქები, როგორებიც არიან, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი და დავით კეზერაშვილი და დეოლიგარქიზაციასთან ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

შეკითხვაზე – ბიძინა ივანიშვილი არ იგულისხმება ამ ოლიგარქებს შორის? – კობახიძე პასუხობს: „ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ეს ვერ იქნებოდა ნაგულისხმები და არც არის ნაგულისხმები.

„ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მან თავისი ნებით გააკეთა ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში.

კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, მასზეც არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი. ყველა საკითხს შევეხებით, ბუნებრივია. ოლიგარქების დასრულება არის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა.

ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით [ივანიშვილი] ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი თავისი კონკრეტული წარსულით და გარდა ბიზნესმენისა, არის ფილანთროპი და ქველმოქმედი და გარდა ამისა, 2012 წელს მან დაასრულა ამ ქვეყანაში სისხლიანი რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება აქ საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, იქნება საუბარი მათზე ამ დოკუმენტში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

„თქვენ არ გინდათ აღიარება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არის ამ ქვეყანაში ოლიგარქი“ – მიმართა ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს, რაზეც კობახიძემ ჟურნალისტს საპასუხო შეკითხვით მიმართა: „თქვენთვის ოლიგარქი რა არის?“ შემდეგ კი ოლიგარქის მნიშვნელობა განმარტა:

„ოლიგარქი არის ადამიანი ჩემთვის პოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც ძარცვავდა და ძარცვავს ქვეყანას და ასეთი ჩვენ გვყავს რამდენიმე: სააკაშვილი, კეზერაშვილი… თქვენები  ძარცვავდნენ ქვეყანას და რაც შეეხება ივანიშვილს, კაცს, რომელსაც 3 მილიარდი $ ქველმოქმედებაზე აქვს დახარჯული, უწოდებთ ოლიგარქს, ეს თქვენი პრობლემაა, ეს არ არის ივანიშვილის ან ქვეყნის პრობლემა. თქვენი პრობლემაა ისიც, რომ თქვენს ტელევიზიებს აფინანსებენ სააკაშვილი და კეზერაშვილი, ქვეყნის ორი მთავარი ოლიგარქი“, – განაცხადა კობახიძემ.

„შეასრულოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით“ – წერია ერთ-ერთ პირობად, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე.