„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) აჭარის მთავრობის 2018-2019 წლების ადმინისტრაციული ხარჯის მიმოხილვას აქვეყნებს.
უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციამ აჭარის მთავრობისგან და საქვეუწყებო დაწესებულებებისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა თანხები მოხმარდა 2018-2019 წლებში შრომითი ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის, საწვავის, სატელეფონო, წარმომადგენლობით და სამივლინებო ხარჯს. მსგავსი კვლევა TI-მ 2017 წელსაც გამოაქვეყნა, სადაც შესწავლილია 2015-2016 წლების მონაცემები.
ორგანიზაციამ კვლევის შედეგად დაადგინა:
► თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 41,863,172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია;
► ამავე წლებში 928,907.86 ლარის ოდენობის პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა, რაც 2015-2016 წლებში გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების რაოდენობაზე (10,116,755 ლარი) დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია;
► ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯებმა 905,421.54 ლარი შეადგინა, რაც 2015-2016 წლებში დახარჯული თანხის (1,947,271 ლარი) დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს;
► სატელეფონო მომსახურებაზე 288,395 ლარი დაიხარჯა;
► წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 446,502.84 ლარი გამოიყო;
► ამ პერიოდში სამივლინებო ხარჯებს 986,854.06 ლარი მოხმარდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (782,509 ლარი) დაახლოებით 205,000 ლარით მეტია.
1. პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგო
ორგანიზაციის ცნობით, 2018-2019 წლებში, აჭარის მთავრობასა და საქვეუწყებო დაწესებულებებში თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 41,863,172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია. აქედან, თანამდებობის პირებისა და პროფესიული საჯარო მოხელეების შრომითი სარგო 22,628,030.81 ლარს წარმოადგენს, ხოლო შტატზე მომუშავე პირების შრომითი სარგო – 19,235,141.71 ლარს.
TI წერს, რომ აჭარის მთავრობის აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 2019 წელს დაახლოებით 124,000 ლარით მეტი ხელფასი გაიცა, ვიდრე 2018 წელს.
„2018 წელს აჭარის მთავრობის აპარატში 45 პირი იყო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული. 2019 წელს ამ რიცხვმა 47-მდე მოიმატა. 2019 წლისთვის, შტატგარეშე დასაქმებულთა სიიდან ამოიღეს ელექტრიკოსის, კონსულტანტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის კოორდინატორის პოზიციები. თუმცა შეიქმნა მთავრობის თავმჯდომარის მასმედიასთან ურთიერთობის მენეჯერის, მთავრობის აპარატის პროექტებისა და ინვესტიციების ანალიტიკოსის, მთავრობის აპარატის უფროსის მრჩევლისა და მთავრობის აპარატის ინფრასტრუქტურული საკითხების კონსულტანტის პოზიციები, რომელთა ხელფასების საერთო რაოდენობა 2019 წელს 48,852.93 ლარს შეადგენდა“, – ვკითხულობთ კვლევაში.
2. პრემია და სახელფასო დანამატი
კვლევის მიხედვით, 2018-2019 წლებში, აჭარის მთავრობასა და საქვეუწყებო დაწესებულებებში ჯამში 928,907.86 ლარის ოდენობის პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (10,116,755 ლარი) დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯები
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯები 2018-2019 წლებში 905,421.54 ლარს შეადგენდა, რაც 2015-2016 წლებში დახარჯული თანხის (1,947,271 ლარი) დაახლოებით ნახევარს წარმოადგენს.
4. კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯები
2018-2019 წლების სატელეფონო მომსახურებაზე დახარჯული თანხის ოდენობა 288,395 ლარია.
5. წარმომადგენლობითი ხარჯები
კვლევის მიხედვით, 2018-2019 წლებში წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 446,502.84 ლარი გამოიყო.
ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლობითი ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, რადგან შეძენილი საჩუქრების ღირებულება აღემატება 2018 წელს შეძენილი საჩუქრების ღირებულებას.
6. სამივლინებო ხარჯები
კვლევის მიხედვით, 2018-2019 წლებში სამივლინებო ხარჯებს 986,854.06 ლარი მოხმარდა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (782,509 ლარი) დაახლოებით 205,000 ლარით მეტია.
გრაფიკის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სამივლინებო ხარჯები 2019 წელს გაიზარდა: თუ 2018 წელს დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის შიგნით მივლინებაში 53-ჯერ, ხოლო ქვეყნის გარეთ – 56-ჯერ იმყოფებოდნენ, 2019 წელს ამ რიცხვებმა 54-მდე და 64-მდე აიწია, შესაბამისად. თვალში საცემია აჭარის მთავრობის აპარატის სამივლინებო ხარჯების სხვაობა: 2018 წელს აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლები ქვეყნის შიგნით მივლინებაში 297-ჯერ, ხოლო ქვეყნის გარეთ 21-ჯერ იმყოფებოდნენ. 2019 წელს ქვეყნის შიგნით მივლინებათა რიცხვი 401 გახდა, ხოლო ქვეყნის გარეთ – 29. 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეყნის შიგნით მივლინებების რიცხვი (295 მივლინება) 49-ით გაიზარდა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებების (19 მივლინება) რაოდენობა – 13-ით.
კვლევას სრულად გაეცანით ბმულზე.