პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში 17 მაისი სტრასბურგის გადაწყვეტილებასა და 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის 17 მაისს ლგბტქ აქტივისტებისა და თემის წევრების მიმართ დაირღვა მე-3 მუხლი (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა). სასამართლომ სახელმწიფოს ჯამში, 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.
„მომავალშიც რომ გავიხედოთ, სამწუხაროდ, ყოველ წელს გველოდება ჩვენ ეს გამოწვევა, რასაც ჰქვია ის, რომ არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, კონკრეტული ღონისძიების ჩატარება და მათი კონსტიტუციური უფლებაა ეს. მაგრამ არის საზოგადოების მეორე ნაწილი და ისინი ორგანიზდებიან ხოლმე საკმაოდ დიდი რაოდენობით, როგორც ვხედავთ, რომლებსაც ამის დაშვება არ სურს. ანუ არის საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებს შორის, რიცხოვნობასაც არ აქვს აქ არსებითი მნიშვნელობა, არის კონკრეტული დაპირისპირება, რაც ყოველწლიურად არის გამოწვევა და პრობლემა სახელმწიფოსთვის.
დეტალებში არ შევალ, ჩემთვის რაღაც მისაღებია, მიუღებელია თუ რა არის, ამ დეტალებში არ შევალ, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს, ყოველწლიურად ექნება მას, სამწუხაროდ, ეს გამოწვევა. როგორც კი იქნება მცდელობა, იქნება მეორე მხრიდან დაპირისპირება“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
მიმდინარე წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც აქტივისტები და ჟურნალისტები დაშავდნენ, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ძალადობის მოლოდინი არ იყო აქციაზე და მოულოდნელად დაიძაბა სიტუაცია.
„რაც შეეხება 5 ივლისს, რაც მოხდა, მოხდა დღის პირველ ნახევარში, როცა მოლოდინი არ იყო ამ ყველაფრის, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ ძალადობის მოლოდინი არ იყო, რადგან ასეთი რაღაც არ მომხდარა. ანუ რაღაც პროგნოზები ხომ კეთდება წარსული გამოცდილების საფუძველზე, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი რაღაც არ მომხდარა არასოდეს, თან ჟურნალისტები მუშაობენ შუაგულში … სამწუხაროდ, მოულოდნელი აგრესია გაჩნდა ჟურნალისტების მიმართ და 6 ჟურნალისტი მძიმედ დაშავდა. ეს იყო ერთ-ერთი რთულად პროგნოზირებადი, რადგან უამრავი აქცია იმართება, სადაც შუაგულში მუშაობენ ჟურნალისტები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.