თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქცია დაშალა.
„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის საწყის ეტაპზე და მსუბუქი კონსტრუქციის ორი ღობე.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები ერთი კვირის წინ გააფრთხილა, რის შემდეგაც ერთმა მოქალაქემ მშენებარე ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი თავად განახორციელა.
ჯამში, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული სამი კაპიტალური ფუნდამენტისა და ღობეების დემონტაჟი მოახდინა“, – აცხადებს ინსპექცია.
„…სახელმწიფო მიწების უკანონოდ მიტაცება და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიებით ამის წახალისება, კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ…“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გუშინ ისაუბრა. მანვე რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „ქალაქში უკანონობა ვერ დაკანონდება და ამას შესაბამისი რეაგირება ყოველთვის მოჰყვება“.