მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები დღეს ლვოვიდან ვარშავაში გაემგზავრებიან - საგარეო

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ლვოვიდან ვარშავაში გაემგზავრებიან.

უწყების ცნობით, დღეს რივნოდან ლვოვის მიმართულებით ორგანიზებულად გადაიყვანეს მარიუპოლიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იქიდან უკვე პოლონეთის მიმართულებით, კერძოდ, ვარშავაში გაემგზავრებიან.

„მიუხედავად სირთულეებისა, საქართველოს საელჩო უკრაინაში მუდმივად ინარჩუნებდა კავშირს მარიუპოლში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა აღნიშნულ ჯგუფთან. ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდება უკრაინის ტერიტორიიდან, კერძოდ, ლვოვიდან და ოდესადან საქართველოს 60 მოქალაქის გადაყვანა მოსაზღვრე სახელმწიფოებში, საიდანაც ისინი გამოემგზავრებიან საქართველოში“, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყება ამბობს, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქართულმა მხარემ სამშობლოში 2 000-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყო.