45 ახალი შემთხვევიდან 21 აჭარაში გამოვლინდა

პუბლიკა

დღეს გამოვლენილი 45 ახალი შემთხვევიდან 21 აჭარაში დადასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის თქმით, აქედან 3 შემთხვევა დაკავშირებულია ე.წ. ხოფის ბაზრობასთან, 1 იუსტიციის სახლის თანამშრომელია, 2-ის წყარო უცნობია, დანარჩენი კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი.

„3 გახლავთ ე.წ. ხოფის ბაზრობის თანამშრომელი, 1 არის იუსტიციის სახლის თანამშრომელი, 2-ის წყარო გახლავთ უცნობი, დანარჩენი შემთხვევები უკავშირდება დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს. ისინი არიან, ვინც უკვე თვითიზოლაციაში ან კარანტინში იყო და იქ არიან გამოკვლეულები.

ამ წუთებში მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება და ე.წ. ხოფის ბაზრობა არის დახურული, დახურული იქნება იმის მიხედვით, რამდენიც დასჭირდება ტესტირების დასრულებას“, – თქვა რუსუდან შავიშვილმა.

შავიშვილის თქმით, იუსტიციის სახლი ჯერჯერობით დახურულია, მაგრამ გუშინ ღამით დეზინფექცია გაუკეთეს შენობას, იგეგმება იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომლის ტესტირებაც და ვისაც დადასტურებულ შემთხვევასთან შეხება ნაკლებად ჰქონდა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა 1 729 გახდა. აღსანიშნავია, რომ 45 შემთხვევა ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და 1 321-ს შეადგენს.