45 ლიდერიდან მაქსიმუმ 10-მა ნახა ზელენსკი. იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ ჰქონდა კომუნიკაცია მოლდოვაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

შეკითხვაზე, მისი ინიციატივა იყო, რომ ზელენსკისთან არ მისულიყო, თუ ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივა, რომ ღარიბაშვილთან არ ჰქონოდა კომუნიკაცია, პრემიერი ამბობს:

„ძალიან მარტივად იყო. თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება მედიასა და დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი არ ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი. აქედან შეიძლება 5-მა-6-მა ნახა ზელენსკი, 10-მა, მაქსიმუმ. ეს იყო. იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად. საერთოდ, მარტივად იყო ყველაფერი“, – თქვა მან.

შეკითხვაზე, საშუალება რომ ჰქონოდა, რას ეტყოდა ზელენსკის, ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიესალმებოდა.

შეკითხვაზე, უსურვებდა თუ არა წარმატებას, პრემიერი ამბობს, რომ უკრაინას უსურვებს მშვიდობას, ომის დასრულებას და გაერთიანებას.