მოსახლეობის 47% უარყოფითად აფასებს პარლამენტის საქმიანობას. ეს მაჩვენებელი ამავე წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 11%-ითაა გაზრდილი.
კვლევის მიხედვით, პარლამენტის მიმართ ყველაზე კრიტიკული თბილისია. ოპოზიციის მხარდამჭერებისა და გადაუწყვეტელი რესპონდენტების უმრავლესობა ნეგატიურად აფასებს პარლამენტის საქმიანობას.
საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობით, საშუალოდ კმაყოფილია, 33%, კარგად აფასებს 10%.
მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
54%-ს არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს თავისი პრობლემის შესახებ ეტყვის, ის მის გადაჭრას შეეცდება;
24% ფიქრობს, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს.
მოქალაქეებს NDI-მ დაუსვა შეკითხვა, რომელ სამ საკითხზე უნდა გაამახვილონ ყურადღება პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტში 1 წლის განმავლობაში.
ყველაზე მეტი ადამიანი სამუშაო ადგილებს (45%), ჯანდაცვასა (41%) და სიღარბეს (33%) ასახელებს.
ამ სამეულს მოსდევს ფასების ზრდა/ინფლაცია, განათლება და პენსიები.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში 2021 წლის ივლისში „CRRC საქართველომ“ ჩაატარა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით. NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.