საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, 48 დეპუტატი, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
დეპუტატები „ქართულ ოცებას“ მიმართავენ და ამბობენ, რომ გმობენ ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ.
„ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ვაღიარებთ რა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის უდიდეს დამსახურებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, მათ უდიდეს დახმარებას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ხალხის სწრაფვაში, გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წარმომადგენელი;
ვეხმიანებით რა ქართველი ხალხის მყარად გამოხატულ ნებას, რომ უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რამაც ასახვა ჰპოვა საქართველოს კონსტიტუციაში;
ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ.
განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ქართული ოცნების” ამ პოლიტიკურ კამპანიაში სასამართლო კორპუსის გარკვეული წარმომადგენლებიც არიან ჩართული.
ბიძინა ივანიშვილის 2022 წლის 27 ივლისს გამოქვეყნებული წერილი, რომლითაც ის ადასტურებს აშშ-ის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის ინიციატივით 2022 წლის 21 მარტს მათ შეხვედრას, მაგრამ არაფერს ამბობს ამ შეხვედრის დროს გამართული საუბრის შინაარსზე, შეფარვით ამყარებს „ქართული ოცნების” ზემოხსენებულ მესიჯს, თითქოს დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა” სურს. აღნიშნული მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის კავშირზე „ქართული ოცნების” ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიასთან.
მმართველი პოლიტიკური ძალის ამგვარი მოქმედება ემსახურება ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრირებისათვის ხელის შეშლის მიზანს, მაშინ როდესაც ამგვარი ინტეგრირების უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების და ე.ი. „ქართული ოცნების” ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს.
მმართველი ძალის ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ის მიმართულია დასავლელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისაგან საქართველოს დაშორებისაკენ და ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ მისი მარტოდ დატოვებისაკენ, რაც მხოლოდ ამ ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის”, – ნათქვამია განცხადებაში.
დეპუტატები მიმართავენ, „ქართული ოცნებას”, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია.
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და ევროკავშირის ყოფილ ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს. ვაფასებთ მათი მხრიდან დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად გაწეულ შრომასა და ძალისხმევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: არმაზ ახვლედიანი; თეონა აქუბარდია; დავით ბაქრაძე; ანა ბუჩუკური; ლევან ბეჟაშვილი; თინათინ ბოკუჩავა; გიორგი ბოტკოველი; გიორგი გოდაბრელიძე; რომან გოცირიძე; მიხეილ დაუშვილი; ხატია დეკანოიძე; ლევან ვარშალომიძე; გიორგი ვაშაძე; აბდულა ისმაილოვი; შალვა კერესელიძე; მანუჩარ კვირკელია; ვახტანგ კიკაბიძე;მდავით კირკიტაძე; თამარ კორძაია; ბექა ლილუაშვილი; ნონა მამულაშვილი; პაატა მანჯგალაძე;
ნიკა მაჭუტაძე; აკაკი მინაშვილი; ალექსანდრე მოწერელია; ტარიელ ნაკაიძე; ანა ნაცვლიშვილი; კობა ნაყოფია; რამაზ ნიკოლაიშვილი; კახაბერ ოქრიაშვილი; სალომე სამადაშვილი; ხათუნა სამნიძე; გუბაზ სანიკიძე; სულხან სიბაშვილი; ბაჩუკი ქარდავა; შალვა შავგულიძე; თამარ ჩარკვიანი; ცეზარი ჩოჩელი; ნატო ჩხეიძე; როსტომ ჩხეიძე; ანა წითლიძე; დავით ხაჯიშვილი; ლევან ხაბეიშვილი; ეკატერინე ხერხეულიძე; გიორგი ხოჯევანიშვილი; დევი ჭანკოტაძე; თეიმურაზ ჯანაშია;