მთავრობის განკარგულებით, 2031 წლამდე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლისთვის ფინანსური დახმარების გაცემაა გათვალისწინებული.
დოკუმენტის ტექსტში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის იანვრის თვიდან, ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად გამოყოფილი იქნება თანხა შემდეგნაირად:
- 2022-2023 წწ-ში 300 000 ლარი;
- 2024-2031 წწ-ში ყოველწლიურად გამოყოფილ იქნეს 500 000 ლარი.
შესაბამისად, 2024 -2031 წლებში საეკლესიო გალობის სასწავლებლისთვის 4 000 000 მილიონი გამოიყოფა.
გარდა ამისა, ჯამურად 1 449 980 მილიონი ასევე გამოიყოფა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებლებისთვის:
- საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია – 100 000 ლარი;
- გელათის მეცნიერებათა აკადემია – 199 980 ლარი;
- ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია – 350 000 ლარი;
- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – 800 000 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 18 მარტის განკარგულებით, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისთვის 11 875 ლარიც გამოიყო. თანხა 2024 წლის ბიუჯეტის პროგრამის – „საერთაშორისო პროგრამებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობის ხელშეწყობა“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამოიყოფა.
დღეს, 19 მარტს ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლებისთვის მთავრობის განკარგულებით 35 მილიონი გამოიყოფა.