5-6 ივლისის მოვლენებში სუსის შესაძლო ჩართულობაზე ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

სამოქალქო ორგანიზაციები 12 ივნისს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს  ეხმაურებიან, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დაგეგმვასა და აღსრულებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომლების სავარაუდო მონაწილეობას აღწერს.

ორგანიზაციების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დრომდე 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მასობრივი ძალადობა საპოლიციო უმოქმედობისა და ჟურნალისტებისა და აქტივისტების დასაცავად სახელმწიფოს დემონსტრაციული პასიურობის განსაკუთრებულ შემთხვევად ფასდებოდა, თუმცა 12 ივნისს გასაჯაროვებული ინფორმაცია ქმნის კიდევ უფრო სახიფათო და შემაშფოთებელ დაშვებას, რომ მასობრივი ძალადობის დაგეგმვისა და პროცესების მართვის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლოა იდგეს.

„ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულია სავარაუდოდ, სუსის კონკრეტული თანამშრომლების საიდუმლო შიდა მიმოწერა, რომელიც ასახავს 5 ივლისს პროცესების მართვის მიზნით უწყების თანამშრომლების განსაკუთრებულ მობილიზაციასა და ძალადობრივი ქმედებების მოსამზადებლად კონკრეტული დავალებების გადანაწილებას.

როგორც სიუჟეტშია ნაჩვენები, მიმოწერით დასტურდება, რომ სუსის მაღალჩინოსნის მითითებებით თანამშრომლებს ზუსტ დროსა და კონკრეტულ ადგილებზე (მათ შორის ვაკის პარკი, მზიური და მარჯანიშვილის მოედანი) ხალხის მიყვანა და წინასწარ შერჩეულ ადგილებზე მათი განლაგება ევალებოდათ. მიმოწერის ტექსტებში კი იკვეთებოდა უწყების თანამშრომლების ჰომოფობიური დამოკიდებულებები და კმაყოფილება მომხდარ ძალადობაზე”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაშ ვკითხულობთ, რომ 2021 წლის 5 ივლისს, ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა, წინასწარ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებებით, რასაც თან ახლდა სახელმწიფოს აშკარა უმოქმედობა, ხელი შეუშალეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვას, რომლის ორგანიზატორიც იყო „თბილისი პრაიდი“ და სხვა სამოქალაქო/აქტივისტური ჯგუფები.

„5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამოსული მოძალადე ჯგუფების წევრების მიზანმიმართული ანგარიშსწორების შედეგად სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ასევე გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი, 11 ივლისს საკუთარ სახლში ღამით გარდაცვლილი იპოვნეს. ასევე თავს დაესხნენ აქტივისტურ ორგანიზაცია „სირცხვილიასა“ და „თბილისი-პრაიდის“ ოფისებს და დააზიანეს სატელევიზიო ტექნიკა.

5 ივლისის მოვლენებიდან დღემდე, თითქმის 1 წლის თავზეც კი, საგამოძიებო ორგანოების მიერ მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა არ არის გამოკვეთილი”, – ამბობენ სამოქალაქო ორგანიზაციებში.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონის უზენაესობის პატივისცემისა და მართლწესრიგის დაცვისთვის, ასევე საბაზისო საზოგადოებრივი ნდობის შექმნისთვის უსაფრთხოების სისტემების მიმართ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, არსებითია:

საქართველოს პროკურატურამ და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა:

  • მიმდინარე ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს /უზრუნველყოს დროული, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება;
  • დაუყოვნებლივ გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები 5-6 ივლისს ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ;
  • საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ.

საქართველოს პარლამენტმა:

  • გამოიყენოს ყველა შესაძლო საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი 5-6 ივლისს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით, მათ შორის, ამ მოვლენების გამოძიების, პრორუსული ჯგუფების საქმიანობის უსაფრთხოების პერსპექტივით შემოწმებისა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გასამკლავებლად სუს-ის მიერ მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციებია:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ღია საზოგადება საქართველო (OSGF)