5-6 ივლისის მოვლენებზე დაწყებული გამოძიებები პრობლემურია | საია სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 5-6 ივლისის მოვლენების ქრონოლოგიასა და სამართლებრივ შეფასებაზე დოკუმენტი გამოაქვეყნა.

საიაში ამბობენ, რომ ანგარიში მომზადდა სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის გამოითხოვეს რელევანტური საჯარო ინფორმაციები, განახორციელეს მედიამონიტორინგი, შეაფასეს საიას წარმოებაში სისხლის სამართლის  საქმის მასალები, მიმოიხილეს საქართველოს კანონმდებლობა და რელევანტური საერთაშორისო სტანდარტები.

კვლევამ აჩვენა, რომ 2021 წლის 5 ივლისს სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად. აგრესიულმა ჯგუფებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, ჩაიდინეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. დაარღვიეს ლგბტქი თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ასევე კერძო საკუთრების უფლება, უხეშად ჩაერივნენ მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში.

საიას შეფასებით, ხელისუფლებამ დაარღვია მისი პოზიტიური ვალდებულებები. ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირების ნაცვლად, სახელმწიფოს წარმომადგენლების  განცხადებებმა წაახალისა ძალადობა. სავარაუდო დაპირისპირების მოლოდინს არათუ მოსახლეობის ზოგადი დამოკიდებულება, არამედ კონტრაქციის ორგანიზატორთა განცხადებებიც მათ ძალადობრივ მიზანზე მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, შსს-მ ვერ უზრუნველყო სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა.

საიაში ამბობენ, რომ ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე მომხდარ შესაძლო დანაშაულებზე დაწყებული გამოძიებები პრობლემურია.

„გამოძიების ეტაპზე საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ დაზარალებულებს არ მიეცათ მტკიცებულებების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა. აგრეთვე, შესაძლებელია ითქვას, რომ მტკიცებულებათა დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია საგამოძიებო ორგანოებისთვის, ვინაიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტები და ფიგურანტები საჯაროდ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებიდანაც იკვეთება. შესაბამისად, ეფექტიანი გამოძიების ფარგლებში და სათანადო ნების არსებობის პირობებში, ბრალდების მხარე შეძლებდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთა და მათში მონაწილე სხვა პირთა გამოკვეთას.

სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელის შეშლისა და თავდასხმის ფაქტების დროულ აღკვეთას და არაეფექტიანი გამოძიებით სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებს მომხდარ დანაშაულებს. მსგავსი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას, აჩენს „დაუსჯელობის სინდრომს“ და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას. ასეთი დანაშაულები ქვეყანაში ბადებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების, პიროვნების  იდენტობის, აზრის გამოხატვის და თავისუფალი განვითარების შიშს. ეს კი, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საია მოუწოდებს:

სახელმწიფო უწყებებსა და მათ წარმომადგენლებს

  • შეწყვიტონ სიძულვილის ენით საუბარი, დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები, ქმედებები და უზრუნველყონ საჯარო განცხადებების მეშვეობით, ტოლერანტული, უფლებებზე ორიენტირებული პოზიციის ადვოკატირება.

საქართველოს მთავრობას

  • შეიმუშაოს ეფექტიანი პოლიტიკა ჰომო/ბი/ტრანსფობიის დაძლევისა და საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლის მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • დაიცვას ლგბტქ+ ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ პირთა მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სათანადოდ სარგებლობა;
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისაგან, სათანადოდ უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება;
  • დაპირისპირების საშიშროების არსებობისას მიიღოს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, უზრუნველყოს სათანადო საპოლიციო ძალის მობილიზება;
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებზე;
  • 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებებში მონაწილე პირთა და ძალადობის ორგანიზატორთა დასადგენად განაგრძოს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

საქართველოს პროკურატურას

  • დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით გამოკვეთოს ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისა და მასში მონაწილე სხვა პირთა ბრალეულობა.