5 ადგილი გამოვიცვალეთ და ყველგან მოგვაგნეს. სუს-ის დახმარების გარეშე როგორ მოახერხებდნენ? - თაბაგარი

პუბლიკა

Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელისა და პრაიდის კვირეული ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, ადგილმდებარეობის რამდენჯერმე გამოცვლის მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა პრაიდის ორგანიზატორებს ყველგან მიაგნეს. ამის გამო, თაბაგარი მიიჩნევს, რომ თავდამსხმელები პრაიდის ორგანიზატორების ადგილმდებარეობას შესაძლოა, სახელმწიფოს დახმარებით იგებდნენ.

„5 სხვადასხვა ადგილი გამოვიცვალეთ დღეს. ყველგან რამდენიმე წუთში მოგვადგნენ. ერთ ადგილას რაღაც ასაფეთქებელი შემოაგდეს საერთოდ… რანაირად? სუს-ისa და სახელმწიფოს დახმარების გარეშე როგორ მობილიზდებოდა ეს ხალხი ასე ეფექტურად?!“ – წერს გიორგი თაბაგარი Facebook-ზე.


დღეს, 5 ივლისს, Tbilisi Pride-ის ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა გამართულიყო. თუმცა რუსთაველზე დილიდან შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფები და პრაიდის ღონისძიება ჩაშალეს.

შეკრების შემდეგ აგრესიული პირები ათობით ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოკორესპონდენტს დაესხნენ თავს. რუსთაველზე გამართული აქციის პარალელურად ძალადობრივმა ჯგუფებმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიასa“ და Unicef-ის ოფისებში შეჭრაც სცადეს. აგრესიული პირები შეიჭრნენ Tbilisi Pride-ის ოფისში და დაარბიეს.