5 ე.წ. ტრენდი, რომლებიც თეა წულუკიანს აწუხებს

პუბლიკა

განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს იმ ტრენდებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, მას აწუხებს.

„ჩვენ ვცხოვრობთ ტრენდების ხანაში. მე არ მიყვარს უცხოური სიტყვების ქართულ ენაში გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად ერთი-ორი-სამი უცხო ენა ვისწავლე, ეს რაღაცნაირად არ მიყვარს, მაგრამ ტრენდი – შევარჩიე მაინც ეს სიტყვა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი რეალობა.

ტრენდების ხანაა და არის ტრენდები, რომლებიც კარგია, მაგრამ არის ტრენდები, რომლებიც მე, მაგალითად, მაწუხებს და დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ მარტო.

1 – ყველაზე ნაკლებად შემაწუხებელი, მაგრამ მაინც მგონია, რომ არასწორი ტრენდია ის, რაც ვახსენე, მაგალითად, დღეს რას უნდა ვაკეთებდეთ – კითხვა ისმის – განათლებისა და კულტურის  სისტემებში, როგორ ქმედით ნაბიჯებს უნდა ვდგამდეთ მაშინ, როდესაც რაღაცნაირად კარგ ტრენდად თუ ტონად ჩამოყალიბდა, რომ ქართულად რომ საუბრობ, რაც უფრო მეტ უცხოურ სიტყვას იტყვი, რაღაცნაირად კარგია; არ მინდა, ჟარგონები ვაკადრო ამ მიკროფონს, მაგრამ ეს არ არის მაინცდამაინც დამაქცეველი, ხომ, თუმცა არის სხვა ტრენდები, რომლებიც პირდაპირ მავნებლობაა;

2 – მაგალითად, ტრენდი იმის შესახებ, რომ თავისუფლება აბსოლუტურად ყველაფრის უფლებას ნიშნავს; თავისუფლება ყველაფრის უფლება, ჩვენ, მგონი, ასე ვიცით, არ არის; თავისუფლება, ალბათ, უფრო არის თითქმის ყველაფრის უფლება; ეს „თითქმის“ არის ძალიან პატარა სიტყვა, მაგრამ ამ „თითქმისის“ შინაარსი რა არის, უნდა ვასწავლოთ ეს ბაღში, სკოლაში და შემდეგ დავხვეწოთ ამ „თითქმისის“ შინაარსი უმაღლეს სასწავლებელში;

3 – ასევე, ტრენდი იმის შესახებ, რომელიც მე მგონია, რომ პირდაპირ მავნებლობაა და კარგ ტონად აყალიბებს ამას მავანი, რომ სიტყვა სამშობლო მხოლოდ ჩამორჩენილი ადამიანების, არამისაბაძი ადამიანების ლექსიკაშია შემორჩენილი და თუ ხარ დაწინაურებული (რუსულ სიტყვას არ გამოვიყენებ, იცით, რასაც ვგულისხმობ), მაშინ საკუთარ სამშობლოს უნდა ექილიკო, დასცინო და თუ კიდევ უფრო მაგარი ხარ, აგინო კიდეც, ეს კიდევ უკეთესი; აი, ამას განათლებისა და კულტურის სისტემები როგორ უნდა ებრძოლოს-მეთქი, სიტყვა არ მინდა გამოვიყენო და ემუშაოს და მიაქციოს ყურადღება;

4 – მაგალითად, ტრენდი იმის შესახებ, რომ თუ ხარ გაბედული, მაგალითად, 9 აპრილის მემორიალზე დადგები და საკმაოდ კარგად იცეკვებ, მაგრამ ამაში არ არის საქმე… [ტრენდია, რომ] ეს გაბედულება ავტომატურად უშიშრობა და გმირობაა.

არის ყველა გაბედულება განა გმირობა?! ამას ბაღის ასაკიდან უნდა ვუხსნიდეთ ადამიანებს, რა არის გმირობა, სწორედ იმ გმირების მაგალითზე, ვინც ეს ოკუპირებული ქვეყანა დღემდე მაინც ქვეყნად და სახელმწიფოდ შეინარჩუნა საუკუნეების მანძილზე; თუნდაც აგვისტოს ომის დროს გმირობა ჩაიდინა, სულ ახლანდელი ჭრილობაა და, ალბათ, უფრო მეტად გველაპარაკება;

ჩვენ, ალბათ, უნდა გვაშფოთებდეს ის, რომ ანტისახელმწიფოებრივი იდეები და თავდაცვის სამინისტროში, მე ვიცი, რომ ამაზე ბევრი იყო ნაფიქრი, ანტისახელმწიფოებრივი იდეები თავისუფლებად არის მონათლული და არამხოლოდ მონათლულია, ამას ჩვენდა სამწუხაროდ, არაერთი ახალგაზრდა დღეს იზიარებს და უნდა გვაშფოთებდეს ის… მე მაშფოთებს და ვიცი, რომ არ ვარ მარტო, რომ ჩემს მშობლიურ უბანში, პლეხანოვზე ისეთი ანტისახელმიფოებრივი იდეებით მანიპულირების შედეგად, როგორიცაა, მაგალითად, „გახდი ეპისკოპოსი და არ წახვალ ჯარში“, არაერთმა განათლებულმა და ძალიან პატივსაცემმა ახალგაზრდა ადამიანმა ანტისახელმწიფოებრივად მოქმედ პოლიტიკურ ძალას მასიურად მისცა ხმა;

ტრენდებსა და ცრუ დადებითს უნდა ვებრძოლოთ; ხარისხიანი განათლების მიცემის გარდა, განათლების და კულტურის სისტემები ამაზეც უნდა მუშაობდნენ. თუ ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ფეხის ხმას აყოლილი ადამიანი და ახალგაზრდა, არამედ რეალურად თავისუფალი.

კითხვა ჩნდება, რა გვინდა ჩვენ განათლების სისტემისგან? ბევრი ვიფიქრე, რახან კომიტეტს ვხელმძღვანელობ, რა შეიძლება იყოს ჩემი პასუხი… რაც ჩემს განწყობას ყველაზე კარგად გამოხატავდა, არის შემდეგი:

მაგალითად, თუ ჩვენ თანამედროვე ახალგაზრდა გოგოებს ვკითხავდით და მათ რაღაცნაირად შევატყობდით რომ თვალები არ შეეცვალათ, არ გაუნათდათ, გული სხვანაირად  არ აუჩქროლდათ, როდესაც უხსენებ მათ ბაშალეიშვილს,  ბეჟანიშვილის, ჭოველიძის გვარს, ე.ი. განათლების სისტემაში ჩვენ ცოტა საჭე უნდა გავასწოროთ…

თუ ჩვენ თანამედროვე ბიჭებს ვკითხავდით და აღმოჩნდებოდა, რომ შერცხვებოდათ, მაგრამ მაინც იტყოდნენ, რომ ქალი პრინციპში ნივთია და ცოლი მომსახურე პერსონალია ან კიდევ უფრო დიდი ტრაგედია, ვინმე იფიქრებდა ახალგაზრდებში, რომ ქალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალი, თბილისში რომ დგას, შემოსასვლელში, რა უნდა და რატომ დგას და ვინ არის, ესე იგი ის დიდი ფინანსური რესურსი, რომელსაც ჩვენი სამინისტრო მოიპოვებს, ცოტა სხვანაირად შეგვიძლია გამოვიყენოთ.

5 – ბატონ ხუნდაძეს მინდა შევეხიდო-მეთქი, ასე ვიტყოდი: ტრენდების ნაწილია ისიც, რომ გაგვიქრონ მადლიერების განცდა და მადლობის თქმა იყოს სირცხვილი. არადა, მე არ მინდა, არ არის ჩემი პარტიული გამოსვლა… დღეს თუ გვყავს დიდი ქართველი მეცენატი, ეს არის ივანიშვილი და მისი ოჯახი და თუკი მას ახსენებ და იტყვი მადლობას, მავანს სურს, დაამკვიდროს მავნებლური ტრენდი, რომ ეს რა არის და სირცხვილადაც უნდა იყოს მადლობის თქმა ცნობილი…არადა, ის არის თანამედროვეობის ყველაზე დიდი ქართველი მეცენატი…“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.