5 ივლისი სახდეპის ანგარიშში: „მოვლენები მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერმა Tbilisi Pride-ის ღონისძიებას „მიუღებელი“ უწოდა“

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორისტულმა ბიურომ ქვეყნებში ტერორიზმის შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია საქართველოზეც.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა 5 ივლისს Tbilisi Pride-ს ღონისძიების ჩატარების დროს იძალადეს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე, გაანადგურეს ოპოზიციის საპროტესტო ადგილი პარლამენტთან, სცადეს შტურმი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს.

როგორც ანგარიშში ნათქვამი, LGBTQ+ აქტივისტები გრძნობდნენ, რომ ულტრამემარჯვენეები მათზე ნადირობდნენ, რადგან ადგილები, სადაც ისინი თავს აფარებდნენ, მათ მარტივად აღმოაჩინეს და თავს დაესხნენ.

სახდეპის ანგარიშის მიხედვით, ძალადობა მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერ-მინისტრმა Tbilisi Pride-ის ღონისძიებას „მიუღებელი“ უწოდა. მათივე შეფასებით, დღის განმავლობაში შსს-მ ვერ გააკონტროლა არეულობა.

ტექსტში ასევე წერია, რომ მიუხედავად 28 მოძალადის დაკავებისა და შემდგომში გასამართლებისა, არც ერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ არის პასუხისგებაში მიცემული.

სახდეპის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ულტრამემარჯვენე, პრორუსულმა ჯგუფმა Alt-Info-მ და ულტრამემარჯვენე ქსელებმა, რომლებიც დაკავშირებულია ძალადობრივ ექსტრემიზმთან, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ და ქართულმა მარშმა, დააორგანიზეს და განახორციელეს 5-6 ივლისის ძალადობა ჟურნალსტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ, თუმცა ჯგუფის ლიდერები და ორგანიზატორები სამართლებრივად არ დასჯილან, მეტიც, Alt-Info-ს ლიდერებმა პოლიტიკური პარტიაც კი დაარეგისტრირეს და ოფისები გახსნეს ქვეყნის მასშტაბით.