საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან, რაც აზიანებს მედიაგარემოს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა და მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება. ქარტია აცხადებს, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი განცხადებით მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს.
ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოების მხრივ, საქართველოში საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.
„დღეს ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მოძალადეები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებსაც.
ამ დღეს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა.
ქარტია მიიჩნევს, რომ 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა და მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება. უფრო მეტიც, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისი განცხადებით მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს.
ამასთან, ეს საქმეები სათანადოდ არ არის გამოძიებული. პროკურატურის წარმომადგენლების მიერ ერთ-ერთ შეხვედრაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, პასუხისგებაში მიეცა 21 პირი, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებდა, როგორ ძალადობდნენ სხვადასხვა პირები ჯგუფურად.
აღსანიშნავია, რომ დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემული ძალადობის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია და რომლებიც დღესაც პირდაპირ ეთერში ჩადიან დანაშაულს და მოუწოდებენ ხალხს ძალადობისკენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკითა და სიძულვილის ენით საუბარს, კვლავაც გამოუძიებელია მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს ძალადობას.
ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოების მხრივ საქართველოში საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის“, – წერია განცხადებაში.
იხილეთ „პუბლიკის“ ვიდეო, როგორ აორგანიზებდნენ ძალადობას ჰომოფობიური, პრორუსუსლი, ძალადობრივი და ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ წევრები: