5 ივლისს დაშავებულმა „პირველი არხის“ ოპერატორმა კლინიკა დატოვა

პუბლიკა

საქართველოს პირველი არხის ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა, რომელიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდა, „ნიუ ჰოსპიტალსი“ დატოვა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

დაზიანებები თვალიაშვილს თვალებსა და თავის არეში აქვს მიყენებული, ასევე აქვს ტვინის შერყევა.

ათამდე ადამიანი ფიზიკურად გამისწორდა, რა დროსაც გონება დავკარგე. მარცხენა თვალი მაქვს დაზიანებული. ორი კვირა სჭირდება, რომ თვალი გავახილო, მკურნალობას მეტი დრო დასჭირდება. ექიმები მეუბნებიან, რომ მხედველობის პრობლემა არ მექნება. რაც შეეხება გამოძიებას, ველოდები, რომ გამომკითხავენ, დაზიანებულია ტელევიზიის ტექნიკა“, – განაცხადა თვალიაშვილმა.

5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს 55 პირს, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 7 პირი და გრძელდება გამოძიება. ასევე იძიებენ „პრაიდის“, „უფლებების საქართველოს“ და „სირცხვილიას“ ოფისების დარბევას.

ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს პარლამენტთან მდუმარე აქცია ჩატარდა, რომელზეც „პრაიდმა“ ლგბტ+ დროშა გაშალა და ფერადი კვამლი გაუშვა. აქციის პარალელურად კონტრაქცია შედგა, რომლის მონაწილეებიც პოლიციის კორდონის გარღვევას ეტაპობრივად ცდილობდნენ.

ამ დღეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 100 ადამიანიდან 32 რჩება იზოლატორში, სისხლის სამართლის წესით კი დაკავებულია 2 პირი. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო სამმა სამართალდამცველმა.