5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის კიდევ 5 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 5 ივლისის მოვლენებზე სისხლის სამართლის წესით კიდევ 8 პირი დააკავეს.

დაკავებულია 2 პირი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის.

3 პირი დაკავებულია თაბუკაშვილის და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე TV პირველის ოპერატორზე და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფზე თავდასხმისთვის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 5 პირი: 1993 წელს დაბადებული ო.გ. 1991 წელს დაბადებული ც.ჩ. 1987 წელს დაბადებული ბ.მ., 1990 წელს დაბადებული მ.დ. და 1997 წელს დაბადებული თ.გ.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა ო.გ.-მ და ც.ჩ.-მ ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რაც შეეხება კიდევ სამ ბრალდებულს: ბ.მ.-მ, მ.დ.-მ და თ.გ.-მ იმავე დღეს თაბუკაშვილის და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე ტელეკომპანია პირველის ოპერატორს და საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ფოტოგრაფს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამივე მათგანი დაკავებულია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – წერს შსს.