5 ივლისს მოქალაქეზე და „TV პირველის“ ოპერატორზე ძალადობის ბრალდებებით 2 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნისა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვ.ბ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებულმა დ.ქ.-მ იმავე დღეს რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ:

• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 19 პირი;
• ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;
• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.