5 ივლისს „პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის დაკავებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ბრალდებულებს, გიორგი ოძელაშვილს, ალიკა ალაზოვსა და გიორგი ელისბარაშვილს 5000-5000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს სამი ადამიანი 8 ივლისს დააკავა. მათ ბრალად ედებათ  ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 5 ივლისს, ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება. შსს აღნიშნავს, რომ მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ადამიანების, კერძოდ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დევნით იყო გამოწვეული.