5 მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია იწყება - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი, შემდგომი ეტაპი იწყება, რომელიც შეეხება 5 მუნიციპალიტეტს: თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს.

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან 111 000 ჰა მიწა ფაქტობრივად მოწესრიგდება და ამისთვის დაფინანსება უკვე არსებობს.

„ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. ეს იქნება სრულად შექმნილი და სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები,  საფასურის გარეშე, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, მთავრობას აქვს უკვე 3-წლიანი გეგმა გამოყოფილი ბიუჯეტით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სისტემური რეგისტრაცია საბოლოოდ დასრულდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.