ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 5 პირს, რომლებიც თვითიზოლაციაში იყვნენ და დღეს დაუდასტურდათ კორონავირუსი, 7 დღის წინაც ჩაუტარდათ ანალიზი და პასუხი უარყოფითი იყო.
„ერთი საათის წინ ჩავატარე წინა ბრიფინგი და გითხარით რომ 15 პაციენტი იყო და ისიც გითხარით, რომ 23 პაციენტის მასალა იყო გამოსაკვლევად და პასუხები არ გვქონდა მიღებული. ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია და 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 23 შემთხვევა გვაქვს ჯამში.
ერთი პირი კონტაქტში იყო იტალიიდან ჩამოსულ იმ პირსთან, ვისგანაც 3 დაინფიცირდა. ეს არის პაციენტი ნომერი 5. ეს ახალი შემთხვევა ჩვეულებრივი კაცია – მოვალეობას ასრულებდა, ფული აიღო და ვარაუდობს, რომ ფულით გადაედო.
5 ადამიანი, რომლებსაც დღეს დაუდასტურდათ კორონავირუსი, იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და არიან იმ ჯგუფის წარმომადგნლები, რომლის ერთი წევრი უკვე ჩვენთან წევს, მერვე დღეა. ამ ერთს 7 დღის წინ დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ ხუთს კვლევა 7 დღის წინაც ჩაუტარდათ, მაგრამ არ დადასტურდა და ახლა გამოვლინდა. კარგი ის არის, რომ ჯერ ინფექციის შიდა გადაცემები არის მინამალური, სულ 4 შემთხვევაა შიდა გადაცემის, დანარჩენები დაინფიცირდნენ გარეთ“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ 8 ახალი შემთხვევიდან 2 ადამიანის შესახებ ჯერ არაფერი იცის, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ანა კასრაძე წერს, რომ დანარჩენი შემთხვევებიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს უკავშირდება. ისინი დღემდე იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა.
„ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვაქვს შიდა გავრცელება, ეს ნიშნავს იმას, რომ დროული გამოვლენა და თვითიზოლაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – ამბობს ანა კასრაძე.